საქართველო-აშშ

ღია წერილებით საქმე არ კეთდება – ცისკარიშვილი და ბოკუჩავა აშშ-ში შეხვედრებს მართავენ

ენმ

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, პეტრე ცისკარიშვილის თქმით, MEGOBARI აქტის შეფერხება ივანიშვილის წარმომადგენლის, ირაკლი კობახიძის ღია წერილით ვერ მოხდება. ენმ-ს თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და პეტრე ცისკარიშვილი შეხვედრებს აშშ-ში კონგრესისა და სენატის წარმომადგენლებთან მართავენ. 

"გარდა კონგრესმენ სტივ კოენთან შეხვედრისა, ჩვენ დღეს გვაქვს ბევრი შეხვედრა სენატში, კონგრესის ზედა პალატაში იმისთვის, რომ მაქსიმალური მობილიზაცია გვქონდეს და ხელი შევუწყოთ MEGOBARI აქტის მიღებას სენატში, რის შემდეგაც აქტი ხელმოსაწერად გადაეგზავნება დონალდ ტრამპს, ის აუცილებლად ხელს მოაწერს, რის შემდეგაც MEGOBARI აქტი შევა ძალაში და ამოქმედდება პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილზე, როგორც მის ხელშემწყობებზე" - ამბობს თინა ბოკუჩავა. 

ცისკარიშვილის თქმით, კობახიძის გამოქვეყნებული ღია წერილით "საქმე არ კეთდება".

"ამ ღია წერილით ოცნების ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ არიან კოლექტიური რუმინელი კელინ გეორგესკუები, რომელიც პროპუტინისტი ლიდერი იყო რუმინეთში, რომელიც ვეღარ იღებს არჩევნებში მონაწილეობას. ცდილობენ, შეაფერხონ MEGOBARI აქტი, მაგრამ ეს ვერ მოხდება, რადგან ასეთი ღია წერილებით საქმე არ კეთდება" - ამბობს ცისკარიშვილი. 

13 მაისს იავნიშვილის წარმომადგენელმა კობახიძემ გამოაქვეყნა ღია წერილი, რომლითაც აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ვიცეპრეზიდენტ ჯეი დი ვენსს მიმართავს. 

 

ცნობისთვის, 5 მაისს აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ MEGOBARI აქტს მხარი დაუჭირა

აქტი ამერიკის პრეზიდენტს ივანიშვილის რეჟიმის წევრების, მათი ხელშემწყობებისა და ოჯახის წევრებისთვის სანქციების დაწესებას ავალდებულებს.

ორპარტიულ აქტში დეკლარირებულია, რომ საქართველოს მოქმედი ხელისუფლება სულ უფრო ზრდის მტრულ დამოკიდებულებას ქვეყნის დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოებისა და მისი მთავარი ევროატლანტიკური პარტნიორების მიმართ, ამავდროულად კი აძლიერებს კავშირებს რუსეთის ფედერაციასთან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან და სხვა ანტიდასავლურ ავტორიტარულ რეჟიმებთან.

კომენტარები