პუტინის აღლუმი

სი ძინფინგი 9 მაისის აღლუმზე დასასწრებად მოსკოვში ჩავიდა და პუტინს შეხვდა

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინფინგი მოსკოვში, 8 მაისი, 2025 წ.
Reuters

რუსული სამთავრობო მედიის ინფორმაციით, ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინფინგი 8 მაისს მოსკოვში ჩავიდა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა გამართა.

სი ძინფინგი ერთ-ერთია მსოფლიოს იმ 27 ლიდერს შორის, რომელიც 9 მაისს მოსკოვში გამარჯვების დღის აღსანიშნავ ცერემონიას დაესწრება. მათ შორის იქნებიან ჩავლენ ბრაზილიის პრეზიდენტი ლუის ინასიუ ლულა დე სილვა, სლოვაკეთის პრემიერი რობერტ ფიცო, სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი და ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტი ბადრა გუნბა.

კრემლის ცნობით, მოსკოვში ჩინეთის პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში მხარეების ლიდერები "მთავრობებსა და დეპარტამენტებს შორის რამდენიმე ორმხრივ დოკუმენტს მოაწერენ ხელს", რუსეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების გაძლიერების მიზნით.

სი ძინფინგთან შეხვედრის დროს პუტინმა მზადყოფნა გამოხატა, რომ კვლავ ჩავიდეს ჩინეთში ოფიციალური ვიზიტით და ხაზი გაუსვა, რომ ორივე სახელმწიფოს მთავრობები ორმხრივი ურთიერთობების სრულად განვითარებაზე მუშაობენ.

თავის მხრივ, ჩინეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გამარჯვების დღის აღსანიშნავ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღებისთვის მოხარულია და დაამატა, რომ "ჩინეთი და რუსეთი მზად არიან, მეორე მსოფლიო ომის ისტორიის შესახებ სიმართლე დაიცვან".

რუსეთში ჩინეთის პრეზიდენტის ვიზიტი 10 მაისამდე გაგრძელდება. კრემლის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის თქმით, ამ პერიოდში მხარეები სხვადასხვა ფორმატებში შეხვედრებს გამართავენ.

კომენტარები