OPEC+-ის მიერ წარმოების გაზრდის გადაწყვეტილების ფონზე ნავთობის ფასი ბარელზე $1-ზე მეტით დაეცა.
თბილისის დროით 18:55 საათისთვის Brent-ის ნედლი ნავთობის ფიუჩერსები დამატებით $1.54-ით, იგივე 2.51%-ით დაეცა და ბარელზე $59.75-მდე ჩამოვიდა.
აშშ-ს Wes Texas Intermediate-ის ნედლი ნავთობი $56.61-მდე ჩამოვიდა, ანუ 2.81%-ით, ესე იგი $1.64-ით დაეცა.
ეს ნიშნულები 9 აპრილიდან მოყოლებული ყველაზე დაბალია.
მანამდე, 3 მაისს OPEC+-მა გადაწყვიტა, რომ ივნისის თვეში ნავთობის ბარელების წარმოებას დღეში 411 000 ბარელამდე გაზრდიდა.
შეგახსენებთ, რომ Reuters-ს ინფორმაციით, საუდის არაბეთის წარმომადგენლები მოკავშირეებსა და ინდუსტრიის ექსპერტებს აწვდიან ინფორმაციას, რომ საუდის არაბეთი აღარ აპირებს ნავთობის ბაზრის მიწოდების დამატებითი შემცირების გზით მხარდაჭერას და მზად არის, გაუმკლავდეს ნავთობის დაბალი ფასების ხანგრძლივ პერიოდს.
წყაროების თქმით, ერ-რიადში გაღიზიანება გამოიწვია იმან, რომ ყაზახეთი და ერაყი OPEC+-ის მიერ დადგენილ მიზნობრივ მაჩვენებლებს აჭარბებდნენ. აღნიშნული ჯგუფი ამ მიზნებს ადგენს ნავთობის ბაზარზე მიწოდებისა და მოთხოვნის დაბალანსების მიზნით.
ბოლო თვეებში საუდის არაბეთი აქტიურად მოუწოდებდა წევრ ქვეყნებს, დაეცვათ კვოტები და გადამეტებული მიწოდება აენაზღაურებინათ. თუმცა, წყაროების განცხადებით, უკმაყოფილო ერ-რიადი ახლა ტაქტიკას ცვლის.
მანამდე, აპრილში, მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მსოფლიო სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების წინააღმდეგ საყოველთაო ტარიფები გამოაცხადა, Brent-ისა და WTI-ის ნავთობის ფასებმა ხუთი დღის განმავლობაში ვარდნა დაიწყო.





