აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის უფროსმა მრჩეველმა, მასად ბულოსმა გამოცემა Reuters უთხრა, რომ აშშ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და რუანდას თეთრ სახლში სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებისკენ მოუწოდებს, ხოლო პარალელურად ვაშინგტონი ორივე ქვეყანასთან მინერალებზე შეთანხმებას მოაწერს ხელს.
ბულოსის თქმით, ამერიკულმა და დასავლურმა კომპანიებმა ვაშინგტონს უთხრეს, რომ რეგიონში მინერალებზე შეთანხმების გაფორმების შემდეგ მილიონობით დოლარის ინვესტიციას ჩადებენ.
ამის შესახებ ბულოსმა დოჰაში Reuters-ისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ილაპარაკა.
"როდესაც სამშვიდობო შეთანხმებას ხელს მოვაწერთ [...] კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან მინერალებზე შეთანხმებას ხელი იმ დღეს მოეწერება, შემდგომ კი მსგავსი, თუმცა სხვა მასშტაბის მქონე პაკეტი რუანდასთანაც გაფორმდება". - თქვა ბულოსმა.
ბულოსმა გამოცემასთან საუბრისას თქვა, რომ მაისის შუა რიცხვებში აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო საბოლოო სამშვიდობო ხელშეკრულების სამუშაო ვერსიის შესათანხმებლად რუანდისა და კონგოს საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდება. თუმცა, ტრამპის მრჩეველის თქმით, ხელშეკრულებისთვის ხელის მოწერამდე რუანდამ და კონგომ ვაშინგტონთან ორმხრივი ეკონომიკური შეთანხმებები უნდა გააფორმონ, რომლის ფარგლებშიც ამერიკული და დასავლური კომპანიები კონგოს მაღაროებსა და ინფრასტრუქტურის პროექტებში ინვესტიციას ჩადებენ.
"[ხელშეკრულება] კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან გაცილებით უფრო დიდ მასშტაბისაა, რადგან გაცილებით დიდი ქვეყანაა და გაცილებით მეტი რესურსი აქვს, მაგრამ რუანდას ასევე ბევრი რესურსი და შესაძლებლობა და პოტენციალი აქვს წიაღისეულის მოპოვების სფეროში". - თქვა ბულოსმა.
როგორც ბულოსმა გამოცემასთან საუბრისას ასევე თქვა, თეთრ სახლში დოკუმენტისთვის ხელის მოწერამდე ვაშინგტონი მოელის, რომ რუანდა და კონგო უსაფრთხოების პრობლემებს მოაგვარებენ, კერძოდ, რუანდამ კონგოდან თავისი ჯარისკაცები უნდა გაიყვანოს და M23-ის მეამბოხეების მხარდაჭერა უნდა შეწყვიტოს, ხოლო კონგომ რუანდას განმათავისუფლებელი დემოკრატიული ძალების (FDLR) მსგავსი შეიარაღებული ჯგუფების შესახებ რუანდას შეშფოთებები უნდა გაითვალისწინოს.
ბულოსმა თქვა, რომ 30 აპრილს ხელშეკრულების გაფორმების მხრივ ორივე ქვეყნის პროგრესის სამეთვალყურეოდ კომიტეტი ჩამოყალიბდა, რომელიც აშშ-ს, კატარს, საფრანგეთსა და ტოგოს მოიცავს.
დღეს, 2 აპრილს ვაშინგტონში გასულ კვირას მიღწეული შეთანხმებისამებრ რუანდამ და კონგომ სამშვიდობო ხელშეკრულების თავიანთი ვარიანტები უნდა გააგზავნონ.
კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში შეიარაღებული დაპირისპირება მიმდინარეობს. მთავრობის წინააღმდეგ შეიარაღებულ ამბოხებულთა ჯგუფი M23 იბრძვის. ხელისუფლების თქმით, ამბოხებულების უკან მეზობელი რუანდა დგას.





