ინდოეთი-პაკისტანი

მარკო რუბიო პაკისტანის პრემიერსა და ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ტელეფონით ესაუბრა

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო
Kent Nishimura / Bloomberg

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, მარკო რუბიომ პაკისტანის პრემიერმინისტრ შაბაზ შარიფსა და ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სუბრამანიამ ჯაიშანკართან სატელეფონო საუბრები გამართა და ორივე მხარეს "დაძაბულობის განმუხტვისკენ" მოუწოდა.

ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, აშშ-ს სახელმწიფო მდივანს სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ ქაშმირში მომხდარი თავდასხმის ორგანიზატორები პასუხისგებაში უნდა მიეცნენ.

"თავდასხმის შემსრულებლები, მხარდამჭერები და ორგანიზატორები უნდა დაისაჯონ". - დაწერა ჯაიშანკარმა პლატფორმა X-ზე.

უწყების ცნობით, რუბიომ ინდოეთს მხარდაჭერა გამოუცხადა და პაკისტანს თავდასხმის გამოძიებაში თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

პაკისტანის პრემიერმინისტრის განცხადებით, მან აშშ-ს მოუწოდა ინდოეთს რიტორიკის შემცირება და პასუხისმგებლიანი მოქმედება მოსთხოვოს.

პაკისტანის შეიარაღებული ძალების მეთაურის, ასიმ მუნირის თქმით, პაკისტანს მშვიდობა სურს, თუმცა საკუთარ ინტერესებს დაიცავს.

"ინდოეთის ნებისმიერი სამხედრო ავანტურა მყისიერი და უფრო მძლავრი პასუხით იქნება მოგერიებული". - თქვა მან ქაშმირში გამართული წვრთნებისას.

უკანასკნელი შვიდი ღამის განმავლობაში, ინდოეთისა და პაკისტანის საზღვარზე პერიოდული სროლა მიმდინარეობს, თუმცა ინდოეთის ცნობით, დაღუპულები არ არიან.

კვირის დასაწყისში ინდოეთის პრემიერმინისტრმა, ნარენდრა მოდიმ სამხედრო ლიდერებს უთხრა, რომ თავისუფლად შეუძლიათ ქვეყნის საპასუხო ფორმა განსაზღვრონ.

1 მაისს ინდოეთის თავდაცვის მინისტრმა, რაჯნათ სინგჰმა აშშ-ს თავდაცვის მდივან პიტ ჰეგსეთთან ტელეფონით ისაუბრა.

მინისტრის თქმით, მან ჰეგსეთს უთხრა, რომ "პაკისტანს ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერის, გაწვრთნის და დაფინანსების ისტორია აქვს".

ჰეგსეთმა განაცხადა, რომ აშშ სოლიდარობას უცხადებს ინდოეთს და მხარს უჭერს მის უფლებას, თავი დაიცვას.

მანამდე, 30 აპრილს, პაკისტანის ინფორმაციის მინისტრმა, ათაულა თარარმა Facebook-ზე ვიდეომიმართვისას განაცხადა, რომ პაკისტანის დაზვერვის ინფორმაციით, ინდოეთი მათ წინააღმდეგ სამხედრო იერიშის წამოწყებას მომდევნო 24-36 საათში აპირებს.

22 აპრილს ინდოეთის ჩრდილოეთში, ჯამუსა და ქაშმირის რეგიონში, ტერორისტების ჯგუფმა ტურისტებს ცეცხლი გაუხსნა, რასაც 26 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო სროლის შედეგად დაშავდა, სულ მცირე, 10 ადამიანი. რამდენიმე იარაღით შეიარაღებულმა პირმა ტურისტების ჯგუფს ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა.

კომენტარები