იერუსალიმის შემოგარენში 30 აპრილს გაჩენილი ხანძრის გამო ისრაელში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
ხანძრის გამო დაიხურა მთავარი ავტომაგისტრალი და მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. ისრაელმა ხანძრის ჩასაქრობად საერთაშორისო დახმარება ითხოვა.
პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ იტალია და ხორვატია ხანძრის ჩასაქრობად სამ სახანძრო თვითმფრინავს გაგზავნიან.
ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დახმარება საბერძნეთს, კვიპროსსა და ბულგარეთსაც სთხოვეს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ხანძრის შესაკავებლად 120 სახანძრო და სამაშველო სამსახურის ათეულობით ჯგუფი და ვერტმფრენია მობილიზებული.
სამაშველო ოპერაციებს ქვეყნის სამხედრო ძალებიც უწევენ დახმარებას.
პოლიციის განცხადებით, ხანძრის შედეგად სულ მცირე 13 ადამიანი დაშავდა. დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ გავრცელებულა.
ხანძარი ისრაელის დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნის დღეს გაჩნდა, რის გამოც მრავალი ღონისძიება, მათ შორის, ისრაელის დამოუკიდებლობის დღის საზეიმო ოფიციალური ცერემონიაც გაუქმდა.





