რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

მელონი: პუტინის მიერ გამოცხადებული 3-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა საკმარისი არ არის

REUTERS/Remo Casilli/File Photo

იტალიის პრემიერმინისტრის, ჯორჯია მელონის თქმით, პუტინის მიერ გამოცხადებული 3-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა საკმარისი არ არის და საჭიროა სამართლიანი, ხანგრძლივი მშვიდობა. ამის შესახებ მელონიმ Corriere della Sera-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

მელონის თქმით, იტალია მხარს უჭერს აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ძალისხმევას და მოხარულია, რომ უკრაინის პრეზიდენტმა გამოხატა მზადყოფნა უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის. მელონის შეფასებით, ზელენსკიმ ამით კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ უკრაინა მშვიდობისკენ მიისწრაფვის.

"ახლა იგივე უნდა აჩვენოს რუსეთმა, რადგან პუტინის მიერ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების წლისთავზე გამოცხადებული 3-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა სხვა რამეა და აშკარად არასაკმარისია. მშვიდობა უნდა იყოს სამართლიანი და ხანგრძლივი". - თქვა მელონიმ.

იტალიის პრემიერის განმარტებით, პირველ რიგში, ეს ნიშნავს უსაფრთხოების მყარ და საიმედო გარანტიებს.


რუსეთის პრეზიდენტმა, გამარჯვების დღის მე-80 წლისთავისთვის 8-დან 11 მაისამდე "ცეცხლის შეწყვეტა" გამოაცხადა

რუსეთმა მსგავსად თქვა, რომ ცეცხლს შეწყვეტდა აღდგომის დღეებში, თუმცა რამდენიმე საათში განაახლა იერიშები უკრაინის ტერიტორიაზე. 

უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურის, ალექსანდრ სირსკის მოხსენებაზე დაყრდნობით, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსებმა "სააღდგომო ცეცხლის შეწყვეტა" 30 საათის განმავლობაში 2935-ჯერ დაარღვიეს.

კომენტარები