ნარკოდანაშაული

შსს-მ სამეგრელოში დიდი ოდენობის ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია მოლდოვის მოქალაქე

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამეგრელოს პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკი ამოიღო.

უწყების ცნობით, დაკავებულია მოლდოვის მოქალაქე.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების (ოპერატიული) და საგამოძიებო სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით მოლდოვას რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს". - წერია შსს-ს განცხადებაში.

სამინისტროს ინფორმაციით, 1985 წელს დაბადებულ ე.გ.-ს ბრალი ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და გასაღების მომზადებაში.

"სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულის პირადი, ავტომობილის და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ასევე, მის მიერ მითითებული ლოკაციიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 91 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება "მეთადონი" ამოიღეს". - ნათქვამია განცხადებაში.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია ელექტრო სასწორი, წებოვანი ლენტები და ფული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 18-260-ე მუხლის მე-7 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები