უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რომში პაპი ფრანცისკეს დასაფლავებამდე დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრს, კირ სტარმერს, იტალიის პრეზიდენტს, ჯორჯია მელონისა და მის ფრანგ კოლეგას, ემანუელ მაკრონს შეხვდა.
მაკრონმა შეხვედრის შემდეგ დაწერა, რომ საფრანგეთი და მისი პარტნიორები მსურველთა კოალიციის ფარგლებში მუშაობას განაგრძობენ, რათა "უკრაინაში როგორც ცეცხლის შეწყვეტისკენ, ისევე სრული და გრძელვადიანი მშვიდობისკენ" მოუწოდონ. მანვე აღნიშნა, რომ ახლა რუსეთის ჯერია, აჩვენოს, რომ ომის დასრულება სურს.
"უკრაინა მზად არის უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის და სურს, რომ ამერიკელებისა და ევროპელების გვერდით იმუშაოს, რაღა ეს განახორციელოს. ახლა რუსეთის ჯერია, დაამტკიცოს, რომ ამ ომის დასრულება ჭეშმარიტად სურს". - დაწერა მაკრონმა.
სტარმერის ოფისის განცხადებით, ის და ზელენსკი შეთანხმდნენ, რომ მომავალში რაც შეიძლება მალე კვლაც შეხვდნენ.
"განვიხილეთ ბოლო დღეებში მიღწეული პოზიტიური პროგრესი უკრაინაში სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევის მხრივ. [...] ტემპი უნდა შევინარჩუნოთ". - დაწერა შეხვედრის შემდეგ სტარმერმა.
სტარმერთან შეხვედრის შემდეგ ზელენსკიმ დაწერა, რომ ცაში, ზღვასა და ხმელეთზე უპირობო ცეცხლის შეწყვეტა უნდა მიიღწიოს.
"ცაში, ზღვასა და ხმელეთზე უპირობო ცეცხლის შეწყვეტა უნდა მიიღწიოს და სანდო უსაფრთხოების გარანტიების მქონე სამართლიანი მშვიდობისკენ პირველ ნაბიჯად უნდა იქცეს". - დაწერა ზელენსკიმ.
იტალიის პრემიერმინისტრის ოფისის თანახმად, მელონი და ზელენსკი ასევე შეხვდნენ ერთმანეთს. განცხადების მიხედვით, მელონიმ მხარი დაუჭირა უკრაინის მზაობას ცეცხლის შეწყვეტისთვის და რუსეთის მხრიდან უკრაინაზე ბოლოდროინდელი თავდასხმები დაგმო.
"საუბრების დროს ლიდერებმა ხელახლა გაიმეორეს, რომ მხარს უჭერენ პრეზიდენტ ტრამპის ძალისხმევას, მიიღწიოს სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობა, რომელსაც უკრაინის სამომავლო უსაფრთხოების, სუვერენიტეტისა და თავისუფლების გარანტირება შეუძლია". - წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, დღეს, 26 აპრილს ტრამპი და ზელენსკი რომში პაპი ფრანცისკეს დაკრძალვამდე შეხვდნენ და რუსეთ-უკრაინის ომის დამასრულებელი სამშვიდობო გეგმა განიხილეს.
თეთრი სახლის კომუნიკაციების დირექტორმა, სტივენ ჩეუნგმა შეხვედრა "ძალიან კონსტრუქციულად" მოიხსენია, ხოლო ზელენსკიმ X-ზე დაწერა, რომ ტრამპთან "კარგი შეხვედრა" ჰქონდა - პირისპირ ძალიან ბევრი რამის განხილვა შეძლეს.
პაპი ფრანცისკეს დაკრძალვას პრეზიდენტები, პრემიერმინისტრები, სამეფო ოჯახის წევრები და სხვა მსოფლიო ლიდერები, მათ შორის, ტრამპთან ერთად, არგენტინის, გაერთანებული სამეფოს, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, უკრაინის ლიდერებიც ესწრებიან.
მედიაში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, თუ როგორ უკრავენ ტაშს წმინდა პეტრეს ბაზილიკიდან გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტს მოედანზე შეკრებილი ადამიანები.
ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრის შესახებ გავრცელებულ ცნობას წინ უძღვის აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის უკრაინის საკითხზე კრემლში გამართული შეხვედრა.