ტრამპის ტარიფები

ჩინეთი: თუ აშშ-ს სურს სავაჭრო შეთანხმების მიღწევა, უნდა შეწყვიტოს მუქარები

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აშშ-მ უნდა შეწყვიტოს მუქარები და იძულების მცდელობა, თუ სურს, რომ სავაჭრო შეთანხმებას მიაღწიოს. 

სამინისტროს პრესსპიკერის, გუო ძიაქუნმა აშშ-ს ბრალი დასდო "უკიდურესი წნეხის" გაგრძელებაში მაშინაც კი, როდესაც ჩინეთთან შეთანხმების მიღწევას ცდილობს. 

გუშინ, 22 აპრილს იაპონური საინფორმაციო სააგენტომ, Kyodo-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩინეთის პრემიერმინისტრმა, ლი ციანგმა იაპონიის პრემიერს, შიგერუ იშიბას წერილით მიმართა და დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფების წინააღმდეგ ერთობლივად მოქმედება შესთავაზა

როგორც გამოცემა რამდენიმე იაპონელ თანამდებობის პირზე დაყრდნობით წერს, წერილში ნათქვამია, რომ იაპონია და ჩინეთი "პროტექციონიზმს ერთად უნდა ებრძოლონ". 

გამოცემა Reuters წერს, რომ ჩინეთისა და იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროებს დაუკავშირდნენ, თუმცა პასუხი დაუყოვნებლივ არ მიუღიათ. 

მანამდე, პეკინმა გააფრთხილა ქვეყნები, რომ ჩინეთის ხარჯზე აშშ-სთან უფრო სახარბიელო ეკონომიკური გარიგების მცდელობის შემთხვევაში, ჩინეთი "მტკიცედ და ანალოგიურად მიიღებს საპასუხო ზომებს". 

შეგახსენებთ, რომ ტრამპის ადმინისტრაციის ტარიფების ფონზე ჩინეთსა და აშშ-ს შორის სავაჭრო ომი მიმდინარეობს. 

იაპონიას, რომელიც ათწლეულებია, აშშ-ს ახლო მოკავშირეა, ტრამპმა 2 აპრილის აღმასრულებელი ბრძანებით ექსპორტზე დამატებით 24%-იანი "საპასუხო" ტარიფი დაუწესა. თუმცა, როგორც სხვა სავაჭრო სავაჭრო პარტნიორებს, ჩინეთის გარდა, ტრამპმა აღნიშნული "საპასუხო" ტარიფი 90 დღით იაპონიასაც შეუჩერა. 

თუმცა ძალაში დარჩა 10%-იანი საბაზისო ტარიფი და დამატებით 25%-იანი იმპორტის გადასახადი მანქანებზე, რომელიც იაპონიის ავტომობილების სექტორისთვის განსაკუთრებით დამაზიანებელია. იაპონიას ექსპორტული საქონელის ყველაზე დიდი წილი სწორედ აშშ-ში გააქვს. აშშ-ში ექსპორტირებული ნაწარმის 28% კი ავტომობილებზე მოდის. 

მოგვიანებით იაპონიის ეკონომიკის მინისტრმა, რიოსეი აკაზავამ განაცხადა, რომ ტოკიო შეეცდება, აშშ-ს ადმინისტრაცია დაარწმუნოს, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ იაპონიაზე დაწესებული ტარიფი სრულად გააუქმოს. 

ცნობისთვის, გამოცემა Financial Times საზღვაო გადაზიდვების მონაცემებზე დაყრდნობით წერდა, რომ ჩინეთისა და აშშ-ს სავაჭრო ომის ფონზე ჩინეთში ამერიკული თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) იმპორტი 10 კვირაზე დიდი ხნის განმავლობაში სრულად შეწყვეტილია.

აქამდე გამოცემა Reuters ავრცელებდა ინფორმაციას, რომ აპრილის თვეში ჩინეთის მიერ რუსეთის არქტიკული ნავთობის იმპორტის მკვეთრი ზრდაა მოსალოდნელი მაშ შემდეგ, რაც გამყიდველებმა, აშშ-ს მიერ შემოღებულ ემბარგოსთან გასამკლავებლად, მნიშვნელოვანი ფასდაკლება და სანქციებისგან თავისუფალი ტანკერების მეშვეობით ნავთობის მიწოდება შესთავაზეს ჩინეთს.

მანამდე, სი ძინფინგი საჯაროდ გამოეხმაურა დონალდ ტრამპის მიერ დაწესებულ ტარიფებს და აღნიშნა, რომ სავაჭრო ომში გამარჯვებული არავინაა, ხოლო ჩინეთს არავის დათრგუნვის მცდელობის არ ეშინია. 

"სავაჭრო ომში გამარჯვებული არავინ იქნება და მთელი მსოფლიოს წინააღმდეგ წასვლა იზოლაციას გამოიწვევს. 70 წელზე მეტია, რაც ჩინეთი ყოველთვის დამოკიდებულია თვითკმარობასა და შრომაზე. არასდროს იყო დამოკიდებული ვინმეს საჩუქრებზე და არ ეშინია არავის მიერ არაგონივრული დათრგუნვის მცდელობის" – ამბობს სი. 

ჩინეთმა აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფების საპასუხოდ, ამერიკულ საქონელზე იმპორტის გადასახადი 84%-დან ასევე 125%-მდე გაზარდა, რაც ძალაში 12 აპრილს შევიდა.

ცნობისთვის, 10 აპრილს, აშშ-ს თეთრმა სახლმა განმარტა, რომ ჩინურ იმპორტში აშშ-ს ჯამში, სულ მცირე, 145%-იანი ტარიფი აქვს დაწესებული. 

კომენტარები