ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) 20 აპრილს განაცხადა, რომ გოლანის ბრიგადის სადაზვერვო დანაყოფის მეთაურის მოადგილე თანამდებობიდან გაათავისუფლეს 23 მარტს მომხდარი ინციდენტის გამო, რომლის დროსაც ღაზის სექტორის ქალაქ რაფაში მისმა ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს სასწრაფო მანქანების კოლონას, რასაც 15 სამაშველო სამსახურის მუშაკის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ისრაელის არმიაში ასევე განაცხადეს, რომ წინასწარი გამოძიების ფარგლებში ინციდენტზე "არასრული და არაზუსტი" ანგარიშის მომზადებაში მისი როლის გამო, თანამდებობიდან დანაყოფის მეთაურიც თავისუფლდება.
ამასთანავე, IDF-ის ცნობით, "ინციდენტზე ზოგადი პასუხისმგებლობის" გამო ფორმალურ საყვედურს მიიღებს მე-14 სარეზერვო ჯავშანტექნიკის ბრიგადის მეთაურიც, რომლის დანაყოფიც შემთხვევის დროს რაფაში ოპერაციას ხელმძღვანელობდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება ისრაელის არმიამ ჩატარებული გამოძიების შემდეგ მიიღო. გამოძიება არმიის დამოუკიდებელმა ორგანომ, ფაქტების დადგენის შეფასებითმა მექანიზმმა, ჩაატარა, რომელიც ომის დროს უჩვეულო შემთხვევების გამოძიებაზეა პასუხისმგებელი.
გამოძიებით დადგინდა, რომ ინციდენტის დროს IDF-ის ეთიკის კოდექსი არ დარღვეულა, თუმცა იყო რამდენიმე "პროფესიული შეცდომა" და სამხედროების მხრიდან პროტოკოლის დარღვევის შემთხვევები, და ასევე მომხდართან დაკავშირებით ანგარიში არასრული სახით იყო წარდგენილი.
ჩატარებული გამოძიების მიხედვით, 23 მარტის ღამეს, IDF-ის ღაზის სექტორის დივიზიამ რაფას თელ-სულთანის სამეზობლოს ალყაში მოქცევა დაიწყო. ამ დროს გოლანის ბრიგადის სადაზვერვო დანაყოფის სამხედროებმა, რომლებიც მე-14 ჯავშანტექნიკის ბრიგადის ქვეშ მოქმედებდნენ, დაახლოებით დილის 2:30 საათზე ჩასაფრება მოაწყვეს თელ-სულთანიდან გამომავალ გზაზე.
3:57 საათზე სამხედროებმა მანქანა შენიშნეს - რომელიც მოგვიანებით დადასტურდა, რომ სასწრაფო იყო - და ის შეცდომით ჰამასის საპატრულო მანქანად განსაზღვრეს. ჯარისკაცებმა მანქანას ცეცხლი გაუხსნეს, რის შემდეგაც ის გზის მიმდებარედ გაჩერდა. გამოძიების მიხედვით, სამხედროები მანქანას მიუახლოვდნენ და მასში ორი დაღუპული ადამიანი და ერთი ცოცხალი პირი იპოვეს, რომელიც დასაკითხად აიყვანეს.
გამოძიების მიხედვით, აღნიშნული პირი თავდაპირველი გამოძიების შედეგად შეცდომით ჰამასის მებრძოლად ამოიცნეს, თუმცა დილით დამატებითი გადამოწმების შემდეგ მათ დაასკვნეს, რომ ის არ ყოფილა ტერორისტული დაჯგუფების წევრი და გაათავისუფლეს.
ამის მიუხედავად, გამოძიების თქმით, ვინაიდან თავდაპირველად სამხედროებს ეგონათ, რომ ჰამასის მებრძოლს გადაეყარნენ, მათ დამატებითი მტრული ძალების შესაძლო გამოჩენისთვის მზადება დაიწყეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ინციდენტის შემდეგ რამდენიმე მანქანამ, მათ შორის სასწრაფო და სახანძრო მანქანებმა, იმავე გზაზე გაიარეს და ჩასაფრებულ სამხედროებს მათთვის ცეცხლი არ გაუხსნიათ. ამას გარდა, 4:47 საათზე გზაზე მოსიარულე მამა-შვილიც შენიშნეს და სამხედროებმა კვლავ არ გახსნეს ცეცხლი. ამის ნაცვლად, ისინი დროებით დააკავეს და დილითვე გამოუშვეს.
თუმცა, 5:06 საათზე გოლანის ბრიგადის სამხედროებს დრონის ოპერატორებმა აცნობეს, რომ მათ საეჭვო მანქანების კოლონა უახლოვდებოდა. გამოძიების მიხედვით, დრონის ოპერატორებმა ვერ შეძლეს, დაედგინათ, რომ კოლონა სასწრაფო მანქანებისგან შედგებოდა.
სამხედრო გამოძიების მიხედვით, მანქანების კოლონა რამდენიმე ჩასაფრებული სამხედროსგან 20 მეტრის დაშორებით გაჩერდა და რამდენიმე პირმა, რომლებიც მოგვიანებით მედიკოსები და სამაშველო სამსახურის მუშაკები აღმოჩნდნენ, მანქანები დატოვეს და თავდაპირველ მანქანაში მყოფებისთვის დახმარების აღმოჩენა სცადეს.
გამოძიების ცნობით, ამ დროს ოპერაციის მეთაური - გოლანის ბრიგადის სადაზვერვო დანაყოფის მეთაურის მოადგილე - ისეთ პოზიციაში იყო, რომ სასწრაფო მანქანებს ვერ ხედავდა, ხოლო სახანძრო მანქანა მან ჩვეულებრივ სატვირთოდ ჩათვალა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ის ასევე სრულად ვერ ხედავდა სახანძრო მანქანის ნათურებს. IDF-ის თავდაპირველ განცხადებაში, რაც თავის მხრივ სამხედროების არაზუსტ ჩვენებებს ემყარებოდა, მცდარად ეწერა, რომ სამაშველო მანქანებს ნათურები არ ჰქონდათ ჩართული. მოგვიანებით გავრცელებულ ინციდენტის ამსახველ კადრებში ჩანს, რომ მანქანების ნათურები ჩართული იყო.
ჩატარებული გამოძიების მიხედვით, ცეცხლი ჯერ დანაყოფი მეთაურმა გახსნა, რადგან იფიქრა, რომ მოწინააღმდეგემ ჩასაფრებულების ადგილსამყოფელზე შეიტყო და ჰამასი თავდასხმისთვის ემზადებოდა.
ამის შემდეგ სამხედროებმა კოლონას დაახლოებით სამი წუთის განმავლობაში ცეცხლი გაუხსნა, რაც მაშინ შეწყდა, როდესაც ისრაელელი ჯარისკაცები მანქანებს მიუახლოვდნენ და მიხვდნენ, რომ უიარაღო ადამიანებს ესროდნენ.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს, რომ ჯარისკაცებმა რომელიმე მაშველს, მოკვლამდე ან მის შემდეგ, ბორკილები დაადეს ან ახლო მანძილიდან მიზანმიმართულად მოკლეს.
გამოცემა Times of Israel-ის ინფორმაციით, მომხდარს ერთი პარამედიკოსი გადაურჩა, რომელიც დილით იპოვეს და სამხედროებმა დასაკითხად გადაიყვანეს. 20 აპრილის მონაცემებით იგი კვლავ დაკავებულია IDF-ის მიერ.
სამხედრო გამოძიების მიხედვით, ის ფაქტი, რომ ინციდენტის განმავლობაში გზაზე რამდენიმე სასწრაფომ გაიარა, აჩვენებს, რომ სამხედროები განურჩევლად არ ესროდნენ სასწრაფოებს. არამედ, გამოძიების თქმით, სამხედროები საფრთხეს მოელოდნენ მას შემდეგ, რაც თავდაპირველი მანქანა შეცდომით ამოიცნეს ჰამასის საპატრულო მანქანად.
ამასთანავე, გამოძიებით გაირკვა, რომ 5:18 საათზე ინციდენტის ადგილზე გარკვევით მარკირებული გაეროს პიკაპის ტიპის მანქანა გამოჩნდა. სამხედროებმა ის გაეროს მანქანად ამოიცნეს, თუმცა პროტოკოლის საწინააღმდეგოდ, მის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. გამოძიების მიხედვით, სამხედროები ცდილობდნენ, მანქანისთვის ტერიტორიის დატოვება ეიძულებინათ, თუმცა მცდელობისას მანქანას პირდაპირ გაუხსნეს ცეცხლი, რის შედეგადაც გაეროს პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტოს (UNRWA) ერთი თანამშრომელი მოკლეს. თავდაპირველი გამოძიების ფარგლებში, აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით სამხედროებმა შესაბამის ორგანოებს არასრული ინფორმაცია მიაწოდეს.
ისრაელის არმიის თქმით, ინციდენტის დროს ჯამში 15 პალესტინელი მოკლეს, თუმცა დაღუპვის შემდეგ IDF-მა 6 მათგანი ჰამასის მებრძოლად ამოიცნო. ისრაელელმა სამხედროებმა დილითვე დაღუპულთა ცხედრები ერთ ადგილას დამარხეს, დასაფლავების ადგილი მონიშნეს და გაეროს შეატყობინეს, რომ ცხედრების წასაღებად მისულიყო.
ამასთანავე, სამხედროებმა მოგვიანებით D9-ის ტიპის ბულდოზერებით გზაზე მყოფი მანქანები გვერდზე გაწიეს, რამაც მათი ძლიერ დაზიანება გამოიწვია.
გამოძიებაში აღნიშნულია, რომ ცხედრების დამარხვა და დასაფლავების ადგილის მონიშვნა მიღებული პრაქტიკაა, თუმცა სასწრაფოების დაზიანება შეცდომა იყო, რაც არ უნდა მომხდარიყო.
IDF-მა ასევე აღნიშნა, რომ ინციდენტის დამალვის მცდელობა არ ყოფილა და რომ მალევე მათ მომხდარი გაეროსთან განიხილეს, რათა ცხედრების წასაღებად კოორდინირება მომხდარიყო.
გამოძიების მიხედვით, ცეცხლის გახსნის პირველი ორი შემთხვევა იმიტომ მოხდა, რომ სამხედროებს თავი საფრთხეში ეგონათ, ხოლო მესამე ინციდენტი გაეროს მანქანის მიმართ პროტოკოლის დარღვევას წარმოადგენდა.
IDF-მა მომხდართან დაკავშირებით სინანული გამოხატა და განაცხადა, რომ გამოძიების მიზანი სამომავლოდ მსგავსი შემთხვევების თავიდან არიდება იყო. IDF-მა ასევე აღნიშნა, რომ ჰამასის მებრძოლები რეგულარულად მოქმედებენ სამედიცინო დაწესებულებებიდან.