რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტაზე საუბარი ამ ეტაპზე არარეალისტურია – რუსეთის ელჩი გაეროში

ვასილი ნებენზია
rbk.ru

გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ვასილი ნებენზიამ თქვა, რომ უკრაინაში "ცეცხლის შეწყვეტაზე საუბარი ამ ეტაპზე არარეალისტურია".

ამის შესახებ ნებენზიამ ჟურნალისტებთან გაეროს უსაფრთხოების საბჭოს დახურული დისკუსიების განხილვის დროს ილაპარაკა.

"ჩვენ გვქონდა ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ცეცხლის შეზღუდულად შეწყვეტის მცდელობა, რომელიც უკრაინულმა მხარემ არ დაიცვა. ამ მოცემულობაში ცეცხლის შეწყვეტაზე საუბარი ამ ეტაპზე არარეალისტურია". - თქვა ნებენზიამ. 

ნებენზიას მტკიცებით, დასავლეთის ქვეყნებს მორატორიუმის დასაცავად უკრაინაზე ზეწოლის მზაობა არ გამოუხატავთ და ცეცხლის შეწყვეტის "არარეალისტურობა" სწორედ ამას უკავშირდება.

მანამდე, აშშ-ს თეთრმა სახლმა 25 მარტს განაცხადა, რომ 23-25 მარტს აშშ-სთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, უკრაინა და რუსეთი თანახმა არიან, შავ ზღვაში უსაფრთხო მიმოსვლა აღდგეს, შეწყვიტონ ძალის გამოყენება და აღკვეთონ სამხედრო მიზნებისთვის სავაჭრო გემების გამოყენება.

თუმცა, რუსული მხარე ამბობდა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ვერ ენდობიან და, შესაბამისად, შავ ზღვაზე შეთანხმებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მოაწერდნენ ხელს, თუ აშშ უკრაინას "უბრძანებს", შეთანხმებას პატივი სცეს.

პარალელურად, თეთრი სახლის განცხადების შემდეგ ზელენსკიმ განაცხადა, რომ შავ ზღვასა და ენერგეტიკის ინფრასტრუქტურაზე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაუყოვნებლივ შედის ძალაში.

მას შემდეგ, რაც უკრაინა ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა, რუსეთმა შეთანხმება უკრაინაზე იერიში არაერთხელ მიიტანა.

16 აპრილს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ტემი ბრიუსმა განაცხადა, რომ აშშ არ შეამსუბუქებს სანქციებს და არ დადებს რუსეთთან ნებისმიერი სახის ორმხრივ შეთანხმებას, სანამ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არ იქნება მიღწეული.

სახდეპის სპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ ბზობის კვირა დღეს სუმიზე მიტანილი სარაკეტო იერიშის შემდეგ, შემაშფოთებელი ტენდენცია გამოვლინდა, რამაც დამატებითი კითხვები გააჩინა იმასთან დაკავშირებით, თუ ვის სურს გულწრფელად მშვიდობა და ცეცხლის შეწყვეტა.

11 აპრილს დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე დაწერა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან დაკავშირებით "რუსეთი უნდა ამოძრავდეს".

მანამდე, მარტის ბოლოს NBC News წერდა, რომ მათთან საუბრისას ტრამპმა ვლადიმირ პუტინის მიმართ გაბრაზება გამოხატა და რუსეთს ნავთობზე მეორადი ტარიფებით დაემუქრა, თუკი ის დაინახავს, რომ რუსეთი უკრაინაში ომის დამთავრების მხრივ მის ძალისხმევას დაბრკოლებებს უქმნის.

NBC-ის ციტირებით, ტრამპმა თქვა, რომ "ძალიან გაბრაზებული და განრისხებული ვიყავი, როდესაც პუტინმა ზელენსკის სანდოობასა და უკრაინაში ახალ მმართველობაზე დაიწყო საუბარი".

ამასთანავე, ტრამპმა უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით უკმაყოფილება 8 აპრილსაც გამოხატა, კერძოდ რუსეთის მხრიდან უკრაინულ ქალაქებზე სარაკეტო თავდასხმებთან მიმართებით.

"მე არ მომწონს სიტუაცია დაბომბვებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ, ისინი [რუსები] გიჟებივით ბომბავენ [უკრაინას] ამ წამს" - თქვა დონალდ ტრამპმა.

ხოლო 11 აპრილს გამოცემა Axios საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ თუკი თვის ბოლომდე რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არ დაიდება, ტრამპი, სავარაუდოდ, რუსეთზე დამატებით სანქციებს დააწესებს.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ 4 აპრილს აღნიშნა, რომ რუსეთზე დამატებითი სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით კონგრესის მხრიდან ტრამპის ადმინისტრაციაზე ზეწოლა გაიზრდება, ხოლო ტრამპი "ამას ვერ შეაჩერებს", თუკი "მშვიდობის გზაზე არანაირი პროგრესი" არ იქნება.

"ჩვენ მალე გავიგებთ, რამდენიმე კვირაში, თვეებში არა, მართლა უნდა თუ არა რუსეთს მშვიდობა" - თქვა რუბიომ.

პარალელურად, აშშ-ს სენატის ნახევარმა, სიმბოლურად 25-მა რესპუბლიკელმა და 25-მა დემოკრატმა სენატორმა, 1-ელ აპრილს ორპარტიული კანონპროექტი წარადგინა, რომელიც რუსეთზე სანქციების დაწესებას გულისხმობს იმ შემთხვევაში, თუ კრემლი უარს იტყვის უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად მოლაპარაკებებში კეთილი ნებით ჩაერთოს.

ამასთანავე, სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, ტემი ბრიუსის თქმით, რუსეთთან მოლაპარაკების მაგიდაზე მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტა დევს. მანა აღნიშნა, რომ სანამ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა არ მიიღწევა, აშშ რუსეთთან სხვა დინამიკის განხილვას ან ხელშეწყობას არ აპირებს.

"ვფიქრობ, პრეზიდენტმა ძალიან ნათლად გამოხატა, რომ რუსეთთან მოლაპარაკების მაგიდაზე მხოლოდ ერთი რამ დევს და ეს არის ცეცხლის შეწყვეტა, რომ არ არსებობს სხვა დინამიკა, რომელსაც განვიხილავთ ან ხელს შევუწყობთ, სანამ ეს არ მოგვარდება". - თქვა ბრიუსმა.

კომენტარები