თბილისის მერია

მერია: სავალი ნაწილი მაისის ბოლოსთვის აღდგება, კედლის მოწყობა წყლის დონეზეა დამოკიდებული

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, რესტორან გაგრას მიმდებარედ, სადაც გზა ჩამოიშალა, გზის სავალი ნაწილის აღდგენა მაისის ბოლოსთვის დასრულდება.

მერიის ცნობით, მიმდინარეობს გეოლოგიური კვლევა. როგორც კალაძე განმარტავს, სამუშაოებს ართულებს ის, რომ "გაზაფხულია და მტკვარი ადიდებულია".

"მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, სადაც გზა ჩამოიშალა, სამუშაოები მიმდინარეობს. პირველ რიგში, მომზადდა სამუშაო მოედანი. გარკვეულ პრობლემებს წარმოადგენს წყალუხვობა. გაზაფხულია და მტკვარი ადიდებულია, რაც გარკვეულწილად, აფერხებს სამუშაოებს. ამ დროისთვის, მიმდინარეობს გეოლოგიური კვლევები, თუ რა ტიპის ხიმინჯოვანი კედელი მოეწყოს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სწრაფად დავასრულოთ აღნიშნული სამუშაოები. შესაბამისად, სავალი გზის აღდგენა მაისის ბოლოსთვის დასრულდება და ავტომობილების გადაადგილება თავისუფალი იქნება. რაც შეეხება ხიმინჯოვანი კედლის მოწყობას, სამუშაოების დასრულება დამოკიდებულია წყლის დონეზე". - განაცხადა კალაძემ.

სამუშაოებს თბილისის მერიის დაკვეთით კომპანია ბლექ სი გრუპი ახორციელებს, ღირებულება 5 მილიონი ლარია.

მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გზის ჩანგრევის შესახებ ინფორმაცია თბილისის მერიამ 7 აპრილს გაავრცელა.

კომენტარები