ფუდ გალერი

შეტყობინება მივიღეთ 36 ადამიანის მოწამვლაზე, ფუდ გალერის საწარმოო პროცესი შევუჩერეთ - სეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ფუდ გალერის საწარმოო პროცესი შეუჩერეს.

სააგენტოს ინფორმაციით,დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან მიიღეს შეტყობინება 36 ადამიანის საკვებით მოწამვლის თაობაზე.

სეს-ის მიხედვით, მიკრობიოლოგიურ მაჩვენებლებზე გამოსაკვლევად აღებულია შემდეგი საკვების ნიმუშები: ბრინჯი ქათმის ხორცით (ე.წ. უზბეკური ფლოვი), კვერცხი (ომლეტი) სოკოთი, ბოსტნეულის სალათის კოქტეილი ქათმის ხორცით, ტირამისუ და ქათმის ხორცი. ხოლო, ლაბორატორიული კვლევის შედეგებს სააგენტო მიღებისთანავე გაასაჯაროებს.

"ინფორმაციის მიღებისთანავე, სააგენტომ დაიწყო მოკვლევა - არაგეგმური სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა შპს ფუდ გალერი საქართველოში (მზა კერძების წარმოება, რეალიზაცია), ს/კ 412797451, ქუთაისი, თავისუფლების 106, საიდანაც მოქალაქეებმა მიწოდების სერვისით შეიძინეს ე. წ. დიეტური კვების მენიუ, კერძოდ, შპს ფუდ გალერის მიერ მომზადებული სურსათი (ბრინჯი ქათმით, ომლეტი, ბოსტნეულის კოქტეილი ქათმით და ტირამისუ).

ინსპექტირებისას გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, რის გამოც ბიზნესოპერატორს შეუჩერდა საწარმოო პროცესი და დაჯარიმდა კანონმდებლობის შესაბამისად; გაიცა დამატებითი მითითებები რეცხვა-დეზინფექციის, აღჭურვილობებისა და პერსონალის ლაბორატორიული კვლევის ჩატარების შესახებ." - წერია სააგენტოს განცხადებაში. 

კომენტარები