საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ისრაელის პრემიერმინისტრ, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან 15 აპრილს გამართულ სატელეფონო საუბარს პლატფორმა X-ზე გამოეხმაურა.
მაკრონის თქმით, საუბრისას კვლავ გაუსვა ხაზი საფრანგეთის მხარდაჭერას ისრაელისა და მისი მოსახლეობის უსაფრთხოების მიმართ.
"ყველა მძევლის გათავისუფლება, ისევე როგორც ჰამასის განიარაღება ყოველთვის იყო უმთავრესი პრიორიტეტი". - წერს საფრანგეთის პრეზიდენტი.
მისი თქმით, ცეცხლის შეწყვეტა ჰამასის მიერ დაკავებული მძევლების გათავისუფლების ერთადერთი გზაა.
"ყველა ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების წერტილის გახსნა ღაზას მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ეს საკუთარი თვალით ვნახე ელ-არიშში, დახმარება საზღვრის მეორე მხარეს არის დაბლოკილი. ის რაც შეიძლება მალე უნდა მიეწოდოს მშვიდობიან მოსახლეობას. უნდა დასრულდეს ის ტანჯვა, რასაც ღაზას მოსახლეობა განიცდის". - ნათქვამია მაკრონის განცხადებაში.
მანამდე, ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბრისას საფრანგეთის პრეზიდენტი პალესტინაზე გაკეთებული განცხადების გამო გააკრიტიკა.
საუბარია მაკრონის 10 აპრილის განცხადებაზე, რომ საფრანგეთმა ივნისში პალესტინა შესაძლოა, სახელმწიფოდ აღიაროს. მაკრონი ამბობდა, რომ ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობდა ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე ქვეყნის მიერ ისრაელის აღიარებას.
"ჩვენ აღიარების მიმართულებით წინ უნდა წავიწიოთ და ამას მომდევნო თვეებში გავაკეთებთ. ჩვენი მიზანია, ივნისში ვუხელმძღვანელოთ კონფერენციას საუდის არაბეთში, სადაც შევძლებთ რამდენიმე მხარის მიერ ერთობლივი აღიარების მოძრაობის ბოლომდე მიყვანას" - ამბობდა მაკრონი.
ოფისის განცხადების თანახმად, ნეთანიაჰუმ მაკრონს უთხრა, რომ პალესტინური სახელმწიფო "უზარმაზარი პრიზი იქნებოდა ტერორისთვის" და აღნიშნა, რომ არცერთ პალესტინელ ოფიციალურ პირს პალესტინის ხელისუფლებიდან 2023 წლის 7 ოქტომბრის ტერაქტი დაუგმია.
"პრემიერმინისტრმა საფრანგეთის პრეზიდენტს უთხრა, რომ პალესტინური სახელმწიფო, რომელიც ისრაელური ქალაქებიდან წუთების სავალზეა, ირანული ტერორის საყრდენი იქნება და ისრაელის საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ამას ეწინააღმდეგება - ეს ასეა [ნეთანიაჰუს] თანმიმდევრული და დიდხნიანი პოლიტიკისთვისაც". - წერია პრემიერმინისტრის ოფისის განცხადებაში.





