ჰამას-ისრაელის 2023-25 წლის ომი

ნეთანიაჰუმ მაკრონს უთხრა, რომ პალესტინის სახელმწიფოდ აღიარება "ჯილდო იქნებოდა ტერორისთვის"

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი (მარცხნივ) და ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ
TRT Global

ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბრისას საფრანგეთის პრეზიდენტი პალესტინაზე გაკეთებული განცხადების გამო გააკრიტიკა. ინფორმაციას Times of Israel ისრაელის პრემიერმინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს

საუბარია მაკრონის 10 აპრილის განცხადებაზე, რომ საფრანგეთმა ივნისში პალესტინა შესაძლოა, სახელმწიფოდ აღიაროს. მაკრონი ამბობდა, რომ ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობდა ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე ქვეყნის მიერ ისრაელის აღიარებას. 

"ჩვენ აღიარების მიმართულებით წინ უნდა წავიწიოთ და ამას მომდევნო თვეებში გავაკეთებთ. ჩვენი მიზანია, ივნისში ვუხელმძღვანელოთ კონფერენციას საუდის არაბეთში, სადაც შევძლებთ რამდენიმე მხარის მიერ ერთობლივი აღიარების მოძრაობის ბოლომდე მიყვანას" - ამბობდა მაკრონი. 

ოფისის განცხადების თანახმად, ნეთანიაჰუმ მაკრონს უთხრა, რომ პალესტინური სახელმწიფო "უზარმაზარი პრიზი იქნებოდა ტერორისთვის" და აღნიშნა, რომ არცერთ პალესტინელ ოფიციალურ პირს პალესტინის ხელისუფლებიდან 2023 წლის 7 ოქტომბრის ტერაქტი დაუგმია. 

"პრემიერმინისტრმა საფრანგეთის პრეზიდენტს უთხრა, რომ პალესტინური სახელმწიფო, რომელიც ისრაელური ქალაქებიდან წუთების სავალზეა, ირანული ტერორის საყრდენი იქნება და ისრაელის საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ამას ეწინააღმდეგება - ეს ასეა [ნეთანიაჰუს] თანმიმდევრული და დიდხნიანი პოლიტიკისთვისაც". - წერია პრემიერმინისტრის ოფისის განცხადებაში. 

ამასთან, ბენიამინ ნეთანიაჰუს შვილმა, იაირ ნეთანიაჰუმ მაკრონის განცხადების შემდეგ X-ზე შემდეგი პოსტი გამოაქვეყნა:

"შენი დედაც! კი - ახალი კალედონიის დამოუკიდებლობას! კი - საფრანგეთის პოლინეზიის დამოუკიდებლობას! კი - კორსიკას დამოუკიდებლობას! კი - ბასკების ქვეყნის დამოუკიდებლობას! კი - საფრანგეთის გვიანას დამოუკიდებლობას! შეაჩერეთ საფრანგეთის ნეოიმპერიალიზმი დასავლეთ აფრიკაში". - წერდა ნეთანიაჰუს ვაჟი X-ზე მაკრონის პოსტის საპასუხოდ. 

Times of Israel-ის ცნობით, ბენიამინ ნეთანიაჰუმ შვილის მიერ გამოყენებული უხამსი ფრაზა გააკრიტიკა, თუმცა საერთო პოსტის მესიჯს მხარი დაუჭირა. 

უფრო ადრე საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადება გააკრიტიკა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიდეონ საარმაც. 

"ფიქციური პალესტინური სახელმწიფოს ცალმხრივი აღიარება, ნებისმიერი სახელმწიფოს მიერ, იმ რეალობაში, რასაც ყველა ვხედავთ, იქნება ჯილდო ტერორისთვის და სტიმული ჰამასისთვის. ასეთი ქმედებები მშვიდობას, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას არ მოიტანს" - განაცხადა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიდეონ საარმა. 

კომენტარები