იაპონიის ეკონომიკის მინისტრის, რიოსეი აკაზავას თქმით, ტოკიო შეეცდება, აშშ-ს ადმინისტრაცია დაარწმუნოს, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ იაპონიაზე დაწესებული ტარიფი სრულად გააუქმოს. ინფორმაციას Reuters მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
აკაზავა ტარიფების საკითხზე მოლაპარაკებებისთვის ვაშინტონგში 3-დღიანი ვიზიტით 16 აპრილს ჩავა. იაპონიის ეკონომიკის მინისტრი აშშ-ს ფინანსთა მინისტრ სკოტ ბესენტსა და აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენელ ჯემისონ გრიერს შეხვდება.
"ტარიფები, რომლებიც უკვე ძალაშია, იაპონური ფირმების მოგებებს ყოველდღიურად ამცირებენ". - თქვა აკაზავამ პრესკონფერენციაზე.
"მარტივი არ იქნება, თუმცა მთავრობა ერთიანად იმუშავებს, რათა ჩვენს მიზანს რაც შეიძლება, მალე მივაღწიოთ. ჩვენი მიზანი აშშ-ს დამატებითი ტარიფების სრული გაუქმება". - დაამატა აკაზავამ.
როგორც Reuters წერს, იაპონიის მთავრობა აშშ-ს დარწმუნებას იმედოვნებს, რომ ქვეყნებს ორმხრივად მომგებიანი სიტუაციის მიღწევა ახალი სატარიფო პოლიტიკის გამოყენების გარეშეც შეუძლიათ. ამის საშუალებად აკაზავამ აშშ-ში იაპონური ინვესტიციების გაფართოება დაასახელა.
იაპონიას, რომელიც ათწლეულებია, აშშ-ს ახლო მოკავშირეა, ტრამპმა 2 აპრილის აღმასრულებელი ბრძანებით ექსპორტზე დამატებით 24%-იანი "საპასუხო" ტარიფი დაუწესა. თუმცა, როგორც სხვა სავაჭრო სავაჭრო პარტნიორებს, ჩინეთის გარდა, ტრამპმა აღნიშნული "საპასუხო" ტარიფი 90 დღით იაპონიასაც შეუჩერა.
თუმცა ძალაში დარჩა 10%-იანი საბაზისო ტარიფი და დამატებით 25%-იანი იმპორტის გადასახადი მანქანებზე, რომელიც იაპონიის ავტომობილების სექტორისთვის განსაკუთრებით დამაზიანებელია. იაპონიას ექსპორტული საქონელის ყველაზე დიდი წილი სწორედ აშშ-ში გააქვს. აშშ-ში ექსპორტირებული ნაწარმის 28% კი ავტომობილებზე მოდის.
Reuters-ის ცნობით, აშშ-ს ბაზარზე ძლიერი დამოკიდებულება, მიმდინარე კვირაში დაგეგმილ მოლაპარაკებებს ტარიფების საკითხზე, იაპონიისთვის მეტად მნიშვნელოვანს ხდის.
გამოცემის ცნობითვე, ბევრი ეკონომისტი მოელის, რომ მიმდინარე ფისკალურ წელში (2026 წლის მარტამდე) ტრამპის ტარიფები იაპონიის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს 0.6%-ით შეამცირებს.