NATO-რუსეთი

რუსეთმა შესაძლოა კოსმოსში ბირთვული იარაღი განათავსოს – NATO-ს გენმდივანი

NATO-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე
Agencja Wyborcza.pl / REUTERS

NATO-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს თქმით, აქვთ ინფორმაცია, რომ რუსეთმა შესაძლოა კოსმოსში ბირთვული იარაღის განთავსება დაიწყოს. 

ამის შესახებ რუტემ გერმანულ გამოცემა Welt am Sonntag-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ილაპარაკა.

"ინფორმაცია გვაქვს ცნობების შესახებ, რომ რუსეთი კოსმოსში ბირთვული იარაღის განთავსების შესაძლებლობას განიხილავს". - თქვა რუტემ.

რუტემ ეს განვითარება "საგანგაშოდ" მოიხსენია. მისივე თქმით, NATO შიშობს, რომ სამომავლოდ რუსეთმა ომი შესაძლოა კოსმოსში აწარმოოს და ბირთვული იარაღი სატელიტების წინააღმდეგ გამოიყენოს.

NATO-ს გენერალური მდივნის თქმით, მიაჩნია, რომ მოსკოვის ახლანდელი კოსმოსური შესაძლებლობები დასავლეთისას ჩამორჩება, ხოლო კოსმოსში ბირთვული იარაღის განთავსება რუსეთის შესაძლებლობებს გაზრდიდა.

"ამიტომ, კოსმოსისთვის ბირთვული იარაღის დამზადება რუსეთისთვის წარმოადგენს საშუალებას, რომ თავისი შესაძლებლობები განავითაროს. ეს დიდ შეშფოთებას იწვევს". - თქვა რუტემ. 

გარდა ამისა, რუტეს თქმით, თუ რუსეთი ამას გააკეთებს, ეს კოსმოსის შესახებ 1967 წლის ხელშეკრულების დარღვევა იქნება. 

რუტემ აღნიშნა, რომ NATO-ს წევრი ქვეყნები და მოკავშირეები კოსმოსში ახალ გამოწვევებზე ადაპტირდებიან, ერთმანეთს სადაზვერვო მონაცემებს უზიარებენ, ეროვნულ კოსმოსურ სარდლობებს აყალიბებენ და უფრო მცირე ზომის, ადვილად მართვად და მეტად დაცულ სატელიტებს ამზადებენ.

"ბოლო წლებში კოსმოსი უფრო და უფრო გავსებული, საფრთხის შემცველი და არაპროგნოზირებადი გახდა. ვიცით, რომ კოსმოსში კონკურენცია უფრო და უფრო მწვავდება და არა მხოლოდ კომერციული თვალსაზრისით. ეს ჩვენს მთლიან უსაფრთხოებაზე მოქმედებს". - თქვა რუტემ.

გარდა ამისა, NATO-ს გენერალურმა მდივანმა არქტიკის რეგიონში სატელიტური დაზვერვის გაძლიერების შესახებაც ილაპარაკა. 

"ვხედავთ, რომ ჩინეთი და რუსეთი უფრო და უფრო მეტად იყენებენ ახალ საზღვაო გზებს და არქტიკის ნაწილს ასამხედროებენ. სატელიტები დაგვეხმარება ხმელეთსა და ზღვაში მოძრაობისთვის თვალის დევნებაში და ჩვენს ჯარისკაცებთან სანდო და უსაფრთხო წვდომის უზრუნველყოფაში". - თქვა რუტემ.

ხელშეკრულებას კოსმოსის შესახებ 1967 წელს აშშ-მ და სსრკ-მ მოაწერეს ხელი - დღესდღეობით ეს დოკუმენტი საერთაშორისო კოსმოსური სამართლის ნაწილს წარმოადგენს. ხელშეკრულება მიზნად ისახავს კოსმოსის მშვიდობიანი გამოყენების უზრუნველყოფას და ორბიტაზე მასობრივი განადგურების იარაღის განთავსებას კრძალავს. 

კომენტარები