ბერძნული "პანსერაიკოსის'' ესპანელი მთავარი მწვრთნელი ხუან ფერანდო მისი გუნდის ქართველი მეკარის, ლუკა გუგეშაშვილის შესახებ გვესაუბრა.
25 წლის მეკარე მიმდინარე სეზონში კარგ ფორმაშია, "სეივების'' რაოდენობით საბერძნეთის ჩემპიონატის საუკეთესო მეკარეა, მატჩის საუკეთესო მეკარედ არაერთხელ დასახელდა.
- როცა "პანსერაიკოსის’’ მთავარი მწვრთნელი გახდით, ლუკა უკვე გუნდის წევრი იყო. სავარჯიშო პროცესიდან და საწყისი რამდენიმე ვარჯიშიდან გამომდინარე როგორ შთაბეჭდილება შეგექმნათ მასზე?
- ლუკა ყოველთვის ძალიან პოზიტიურ დამოკიდებულებას აჩვენებს. მისი ქცევითა და დამოკიდებულებით თითქოს მეუბნებოდა რომ თამაში და გუნდის დახმარება სურდა, ეს ცხადი იყო, მაგრამ ასევე სურდა მისი უნარების გაუმჯობესება.
- "ყარაბაღში’’ თამაშისას მნიშვნელოვანი გამოცდილება შეიძინა, ევროტურნირებზე ითამაშა, მაგრამ მას რეგულარული სათამაშო დროის პრობლემა ჰქონდა. როგორ აისახა ლუკას პროგრესზე თქვენს მიერ გამოცხადებული ნდობა?
- მინდა ვიფიქრო, რომ ეს მასზე დადებითად აისახა. უმეტეს შემთხვევებში, როდესაც მოთამაშე მწვრთნელის ნდობას გრძნობს (ეს ნდობა მან დამსახურებულად მოიპოვა), ეს უკეთეს თამაშში და პოზიტიური პროცესის დაწყებაში (ან გაგრძელებაში) გადაიზრდება.
- ლუკა 25 წლისაა. თქვენ მის სპორტულ უნარებსა და პიროვნულ თვისებებს კარგად იცნობთ. აქედან გამომდინარე, როგორ ფიქრობთ რა შეიძლება იყოს მისი კარიერის ჭერი?
- ვერავინ განსაზღვრავს ფეხბურთელის კარიერის მაქსიმალურ ნიშნულს, რადგან გავლენას ბევრი ფაქტორი ახდენს და ეს რაღაც არაპროგნოზირებადია. რაც შეეხება მის უნარებს, ლუკა განვითარების სწორ პროცესშია და იცის, რომ უახლოეს წლებში დიდი პროგრესის ჩვენება შეუძლია. საკუთარი თავის რწმენა უნდა შეინარჩუნოს და შრომა გააგრძელოს.
- ლუკა ამბიციურია, მისი მიზანი ყოველთვის პირველი მეკარეობაა. ეროვნულ ნაკრებში გიორგი მამარდაშვილის სახით ძლიერი კონკურენტი ჰყავს, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე. როცა ასეთი კონკურენტი გყავს, ყოველთვის მზად უნდა იყო და შანსს დაელოდო. შესაძლოა, ამ ეტაპზე ნაკლებად რეალურია, თუმცა ხედავთ მასში პოტენციალს, რომ მამარდაშვილს კონკურენცია გაუწიოს?
- ამის თქმა არავის შეუძლია, მაგრამ თუ მის პოტენციალზე მეკითხები, ვფიქრობ მას აქვს ის, რაც საჭიროა რომ ეს გააკეთოს (მამარდას კონკურენცია გაუწიოს). ასევე, ლუკა მიზანდასახულია. შესაფერისი მომენტი დაუდგება.




