რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

რუსმა ჯარისკაცებმა სავარაუდოდ 4 უკრაინელი ტყვე დახვრიტეს

რუსეთმა ზაპოროჟიეს ოლქში, სოფელ პიატიხატკასთან სავარაუდოდ 4 უკრაინელი სამხედრო ტყვე დახვრიტა.

გამოცემა Associated Press-მა მომხდარის ვიდეო გამოაქვეყნა.

ვიდეოზე ჩანს, რომ 4 უკრაინელი სამხედრო დანგრეული შენობიდან ხელებაწეულები გამოდის და რუსების ბრძანებით მიწაზე წვება. 

რუსები მიწაზე დაწოლილ უიარაღო ჯარისკაცებს ავტომატებიდან ცეცხლს უხსნიან და ადგილზე კლავენ.

შემთხვევა როგორც უკრაინულმა, ისე რუსულმა დრონებმა გადაიღეს. უკრაინულ ვიდეოში ტყვეების დახვრეტა ჩანს, ხოლო რუსულ ვიდეოში კადრი ტყვეების მიწაზე დაწოლის შემდეგ წყდება.

მედიამ ინფორმაციული მდგრადობის ცენტრის თანამშრომელს, როლინ კოლინზს აჩვენა ვიდეო და შეფასება სთხოვა.

"ყველა სიკვდილითა დასჯას შორის, რომელიც ჩვენ 2023 წლის შემდეგ ვიხილეთ, ეს ერთ-ერთი ყველაზე აშკარა უკანონო ქმედებაა". – თქვა კოლინზმა.

ტყვეების სავარაუდო დახვრეტის ამბავს გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი გეორგი ტიხი:

"რუსმა დამპყრობლებმა სიკვდილით დასაჯეს 4 უკრაინელი ჯარისკაცი, რომელიც მტერს ტყვედ ჩაბარდა. ასეთი მკვლელობები სისტემატიური გახდა.

ეს მოწმობს არა მხოლოდ იმას, რომ საქმე გვაქვს მტარვალებთან. ეს არის დემონსტრაცია იმისა, რომ რუსეთის არმია დეგენერატების ჯოგია".

უკრაინის სახალხო დამცველის ოფისის ინფორმაციით 2023 წლიდან ფრონტზე გახშირდა უკრაინელი სამხედრო ტყვეების დახვრეტა. 

კომენტარები