რადიო თავისუფლების ევროპული ბიუროს უფროსი, რიკარდ იოზვიაკი X-ზე წერს, რომ გუშინ ბრიუსელში გამართულ "მსურველთა კოალიციის" შეხვედრაზე თურქეთმა თქვა, რომ მზადაა, შესაძლო სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში უკრაინაში გაგზავნილი დასავლური კონტინგენტის საზღვაო განზომილებაზე პასუხისმგებლობა აიღოს.
"გუშინ ბრიუსელში მსურველთა კოალიციის შეხვედრიდან, სულ მცირე, ერთი კონკრეტული შედეგი მივიღეთ: თურქეთმა მზადყოფნა გამოხატა, უკრაინაში მომავალი დამზღვევი ძალის საზღვაო განზომილებაზე პასუხისმგებლობა აიღოს". - წერს იოზვიაკი.
10 აპრილს ბრიუსელში გაერთიანებული სამეფოსა და საფრანგეთის ხელმძღვანელობით შემდგარი კოალიცია შეიკრიბა, რათა უკრაინაში შესაძლო სამომავლო სამშვიდობო შეთანხმების ე.წ. დამზღვევ ძალასთან დაკავშირებით დამატებით დეტალებზე ემსჯელათ.





