ჰამას-ისრაელის 2023-25 წლის ომი

მაკრონის თქმით, საფრანგეთმა პალესტინა სახელმწიფოდ შესაძლოა, ივნისში აღიაროს

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი
Stefanie Loos / Bloomberg

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, საფრანგეთმა პალესტინა სახელმწიფოდ შესაძლოა, ივნისში, გაეროს კონფერენციაზე აღიაროს. ამის შესახებ მაკრონმა France 5-თან ისაუბრა. 

"ჩვენ აღიარების მიმართულებით წინ უნდა წავიწიოთ და ამას მომდევნო თვეებში გავაკეთებთ. ჩვენი მიზანია, ივნისში ვუხელმძღვანელოთ კონფერენციას საუდის არაბეთში, სადაც შევძლებთ რამდენიმე მხარის მიერ ერთობლივი აღიარების მოძრაობის ბოლომდე მიყვანას" – ამბობს მაკრონი. 

მაკრონმა აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი ასევე ხელს შეუწყობს ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე ქვეყნის მიერ ისრაელის აღიარებას. 

ისრაელმა საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადება უკვე გააკრიტიკა და დაგეგმილ ნაბიჯს "ტერორიზმისთვის ჯილდოს მიცემა" უწოდა. 

"ფიქციური პალესტინური სახელმწიფოს ცალმხრივი აღიარება, ნებისმიერი სახელმწიფოს მიერ, იმ რეალობაში, რასაც ყველა ვხედავთ, იქნება ჯილდო ტერორისთვის და სტიმული ჰამასისთვის. ასეთი ქმედებები მშვიდობას, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას არ მოიტანს" – ამბობს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, გიდეონ საარი. 

კომენტარები