პარტია გახარია საქართველოსთვის წევრის, ტატა ხვედელიანის განცხადებით, გიორგი გახარიას ქართული ოცნების "საგამოძიებო კომისიაზე" 2019 წლის 20 ივნისთან დაკავშირებით იბარებენ.
ამ დროისთვის უცნობია მივა თუ არა გახარია სხდომაზე, მას განცხადება ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.
"როგორც იცით გიორგი გახარია არ იმყოფება საქართველოში, მაგრამ გიდასტურებთ, მის ოჯახში, კერძოდ, მშობლებთან მივიდა უწყისი, რომელშიც წერია რომ გიორგი გახარია დაბარებულია საგამოძიებო კომისიის სხდომაზე. უწყისში წერია, რომ ეს ეხება 20 ივნისს.
შესაძლოა, თუმცა საბოლოოდ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ გიორგი გახარიას გადასაწყვეტი მივა თუ არა კომისიის სხდომაზე. ამ ეტაპზე შემიძლია მხოლოდ დაგიდასტუროთ, რომ ის არის დაბარებული". - განაცხადა ხვედელიანმა.
"საგამოძიებო კომისიის" 10 აპრილის სხდომაზე წულუკიანმა განაცხადა, რომ გიორგი გახარია ჰყავთ დაბარებული.
20 ივნისს რუსთაველის გამზირზე ანტირუსული და მშვიდობიანი აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმმა ძალადობრივად, ჯერ რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით, შემდეგ კი წყლის ჭავლებით დაარბია.
ჯამში დარბევისას 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათგან 160 მშვიდობიანი დემონსტრანტი იყო. ზოგიერთ მათგანს ხშირად ერთის ნაცვლად, რამდენიმე რეზინის ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. რეზინის ტყვიის დამიზნებით სროლის შედეგად რამდენიმე ახალგაზრდამ თვალი დაკარგა, ხოლო მართვით სუნთქვაზე 2 ადამიანი იყო. გიორგი გახარია იმ დროს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა. შემდეგ ქართულმა ოცნებამ ის პრემიერმინისტრის პოსტზე დააწინაურა.





