ტრამპის ტარიფები

ტრამპის თქმით, ის არ განიხილავს დაწესებული ტარიფების დაპაუზებას

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოვალურ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ის არ აპირებს დაწესებული ტარიფების დაპაუზებას, თუმცა, გეგმავს ზოგიერთ ქვეყანასთან მოლაპარაკების წარმოებას "სამართლიანი შეთანხმებების" მისაღწევად. 

"ძალიან ბევრი ქვეყანა მოდის ჩვენთან მოსალაპარაკებლად და ეს სამართლიანი შეთანხმებები იქნება. კონკრეტულ შემთხვევებში, ისინი მნიშვნელოვანი ოდენობის ტარიფებს გადაიხდიან" – ამბობს ტრამპი. 

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2 აპრილს ათეულობით სავაჭრო პარტნიორი სახელმწიფოს წინააღმდეგ "საპასუხო ტარიფები" გამოაცხადა, რის მიზეზადაც მან წლობით არსებული "არასამართლიანი სავაჭრო პრაქტიკები" დაასახელა.

ტრამპის გადაწყვეტილებით, აშშ ყველა სახელმწიფოს, მათ შორის, საქართველოსაც, საბაზისო, 10%-იან ტარიფს დაუწესებს, ხოლო ზოგიერთი მათგანისთვის უფრო მკაცრი ტარიფებია გათვალისწინებული, მათ შორის, დამატებით 34%-იანი ტარიფი ჩინეთზე, 20%-იანი ევროკავშირზე, 46%-იანი ვიეტნამზე და 32%-იანი ტარიფი ტაივანზე.

ტრამპის მიერ ტარიფების დაწესების შედეგად აშშ-ს საფონდო ბირჟამ მკვეთრი ვარდნა განიცადა. დანაკარგების მოცულობა დაახლოებით 5.4 ტრილიონ დოლარს შეადგენს. 

Financial Times-ის მიხედვით, ტრამპის ტარიფებმა ინვესტორების თავდაჯერებულობა შეარყია და რეცესიის შიშები გააჩინა.

საფონდო ბირჟაზე მკვეთრი ვარდნის გარდა, ტრამპის "გათავისუფლების დღემ" ამერიკული დოლარის სხვა მოწინავე ვალუტებთან მიმართებით შედარებით გაუფასურება და გლობალურად ნედლი ნავთობის ფასის მნიშვნელოვნად შემცირებაც გამოიწვია. 


Bloomberg-ის მილიარდერთა ინდექსის მიხედვით, ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფების შედეგად 500 ყველაზე მდიდარი ადამიანის ქონება ერთ დღეში $208 მილიარდით გაუფასურდა.

კომენტარები