ივანიშვილის წარმომადგენელი, ირაკლი კობახიძე განმარტავს, თუ რატომ არ ინიშნება სუს-ის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრად.
კობახიძის თქმით, ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რის გამოც ლილუაშვილი მინისტრის პოსტს აღარ დაიკავებს, მოადგილეებთან დაკავშირებული უთანხმოებაა.
კობახიძემ 2 აპრილს განაცხადა, რომ გრიგოლ ლილუაშვილი სუს-ს ტოვებდა და ახალი სამინისტროს, რეგიონული განვითარების მინისტრი იქნებოდა. დღეს, 4 აპრილს კი თქვა, რომ ლილუაშვილი მინისტრად აღარ დაინიშნება და მის ადგილს კალაძის მოადგილე კახაბერ გულედანი დაიკავებს.
"რამდენიმე თემა იყო, ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ იყო მინისტრის მოადგილეების საკითხი, როგორც მოგეხსენებათ, კანონის თანახმად პრემიერმინისტრის მიერ ინიშნება მინისტრის წარდგინებით, მინისტრის მოადგილეები, ნუ აქ იყო განსხვავებული შეხედულებები. აქ საქმე არ ეხებოდა მხოლოდ პერსონებს, იყო განსხვავებული შეხედულებები, რომლებიც არსებითად დაკავშირებული იყო კონკრეტული კადრების მიერ სამინისტროს ფუნქციების ამა თუ იმ ფორმით შესრულებასთან. ძალიან ზოგადად რომ გითხრათ, დანარჩენი არის შიდა სამზარეულო. იყო სხვადასხვა საკითხი, მათ შორის, მოადგილეების თემა, რაზეც გვქონდა განსხვავებული შეხედულება. თუმცა ჩვენ გვქონდა აბსოლუტურად ჯანსაღი დიალოგი ამასთან დაკავშირებით და ერთად მივედით ამ გადაწყვეტილებამდე". - თქვა კობახიძემ.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, სად მიდის ლილუაშვილი, კობახიძემ უპასუხა, რომ - "ბატონი გრიგოლი გვეტყვის სად მიდის".





