სუს-ის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს ივანიშვილის რეჟიმი ახალი სამინისტროს ხელმძღვანელად აღარ დანიშნავს. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ახალი მინისტრი კახაბერ გულედანი იქნება, რომელიც ამ დრომდე კახა კალაძის მოადგილის პოსტს იკავებდა.
კითხვაზე, რაზე ვერ შეთანხმდნენ გრიგოლ ლილუაშვილთან, ივანიშვილის პრემიერი ამბობს, რომ რამდენიმე თემა იყო და ყველაზე მნიშვნელოვანი - მინისტრის მოადგილეებს ეხებოდა.
"რამდენიმე დღის წინ, საპარლამენტო უმრავლესობასთან კონსულტაციების საფუძველზე მივიღეთ გადაწყვეტილება, საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს შექმნის შესახებ.
გარდა ამისა, განვაცხადეთ, რომ აღნიშნულ თანამდებობას ბატონი გრიგოლ ლილუაშვილი დაიკავებდა, გასულ დღეებში ჩვენ გვქონდა კონსულტაციები გრიგოლ ლილუაშვილთან და გაირკვა, რომ მას ჰქონდა განსხვავებული მიდგომები სამინისტროს საქმიანობის პრინციპებთან, მათ შორის, სამინისტროში გასატარებელ საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებით.აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ბატონი გრიგოლ ლილუაშვილი აღარ დაიკავებს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას, ამ გადაწყვეტილებამდე მივედით ჩვენ ერთობლივად" - ამბობს კობახიძე.
კითხვაზე, სადმე მიდის თუ არა ლილუაშვილი, ივანიშვილის პრემიერი პასუხობს, რომ "ამასთან დაკავშირებით თავად ბატონი გრიგოლი მოგახსენებთ, ჯერჯერობით, ეს არის, რაც შემიძლია, გითხრათ". მისი თქმით, რამდენიმე საკითხზე ვერ შეთანხმდნენ.
"იყო განსხვავებები, რამდენიმე თემა იყო. ყველაზე მნიშვნელოვანი, ალბათ იყო მინისტრის მოადგილეების საკითხი, როგორც მოგეხსენებათ, კანონის თანახმად, პრემიერმინისტრის მიერ ინიშნება მინისტრის წარდგინებით მინისტრის მოადგილეები. აქ იყო განსხვავებული შეხედულებები, აქ საქმე არ ეხებოდა მხოლოდ პერსონებს, იყო განსხვავებული შეხედულებები, რომლებიც არსებითად დაკავშირებული იყო კონკრეტული კადრების მიერ სამინისტროს ფუნქციების ამა თუ იმ ფორმით შესრულებასთან, ძალიან ზოგადად რომ გითხრათ. დანარჩენი არის ერთგვარი შიდა სამზარეულო, თუმცა, იყო სხვადასხვა საკითხი, მათ შორის მოადგილეების თემა, რაზეც გვქონდა განსხვავებული შეხედულებები, თუმცა, ჩვენ გვქონდა აბსოლუტურად ჯანსაღი დიალოგი და ერთობლივად მივედით ამ გადაწყვეტილებამდე" - თქვა კობახიძემ.





