ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

დაუშვებელია შესამოწმებელი პირის სრული გაშიშვლება – იოსელიანი ხოშტარიაზე

"სამართალდამცველების მხრიდან სრული შემოწმების დროს, პირს არ უნდა მოეთხოვებოდეს სხეულის სხვადასხვა ნაწილის ერთდროულად გაშიშვლება - ამგვარი პრაქტიკა, პირის მიმართ დამამცირებელი და ღირსების შემლახავი მოპყრობაა" - სახალხო დამცველი ელენე ხოშტარიას მიმართ მომხდარ სავარაუდო ძალადობის ფაქტს ეხმაურება.

"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების შინაგანაწესის მე-5 მუხლით განსაზღვრულია, რომ პირადი დათვალიერების დროს, დაუშვებელია შესამოწმებელი პირის სრული გაშიშვლება. განსაკუთრებით საყურადღებოა მსგავსი მოპყრობა ქალების მიმართ.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 29 მარტს, წინასწარი დაკავების იზოლატორში, ელენე ხოშტარიამ უარი განაცხადა აპარატის წარმომადგენელთან შეხვედრაზე. სახალხო დამცველის წარმომადგენელი იზოლატორიდან გათავისუფლების შემდეგაც დაუკავშირდა ელენე ხოშტარიას და მან კვლავ უარი განაცხადა აპარატთან თანამშრომლობაზე" - წერია სახალხო დამცველის განცხადებაში. 

ელენე ხოშტარიამ იზოლატორი უკვე დატოვა - ინფორმაციას "დროას" პრესსამსახური ავრცელებს.

კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერი, ელენე ხოშტარია პოლიციამ რუსთაველზე გუშინდელ აქციაზე დააკავა. მას წვრილმან ხულიგნობას და სამართალდამცავის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.

დღეს ხოშტარიამ იზოლატორიდან გამოგზავნილ წერილში მის მიმართ ფიზიკურ ძალადობასა და დამამცირებელ მოპყრობაზე ისაუბრა, რის შემდეგაც შსს-მ საპასუხო განცხადება გაავრცელა. განცხადებაში უწყება წერს, რომ შემოწმებისას ხოშტარიას, სავარაუდოდ, კანონსაწინააღმდეგო ნივთიერება აღმოუჩინეს.

კომენტარები