ამერიკელი სამხედროები

რუტე: ლიტვაში სამხედრო წვრთნების დროს გაუჩინარებული ოთხი ამერიკელი ჯარისკაცი დაღუპულია

REUTERS/Amel Emric/File Photo

NATO-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს თქმით, ლიტვაში სამხედრო წვრთნების დროს გაუჩინარებული ოთხი ამერიკელი ჯარისკაცი დაღუპულია, თუმცა, დეტალების შესახებ ინფორმაცია ჯერ ცნობილი არ არის. ამის შესახებ ვარშავაში ვიზიტით მყოფი რუტე ჟურნალისტებს ესაუბრა.

"ეს ჯერ კიდევ ახალი ცნობაა, ამიტომ დეტალების შესახებ არ ვიცით. ეს მართლაც საშინელი ამბავია და ჩვენი ფიქრები მათ ოჯახებსა და საყვარელ ადამიანებთანაა". - თქვა რუტემ.

მანამდე, აშშ-ს არმია აცხადებდა, რომ ლიტვაში წვრთნების დროს გაუჩინარებული სამხედრო მანქანა წყალში ჩაძირული იპოვეს და კვლავ მიმდინარეობდა გაუჩინარებული ჯარისკაცების ძებნა.

"ლიტვაში ნაპოვნია M88 Hercules-ის ტიპის ჯავშნიანი სამაშველო მანქანა, რომელსაც წვრთნების დროს ოთხი ამერიკელი სამხედრო მართავდა". - წერია აშშ-ს არმიის განცხადებაში.

როგორც AP წერს, აშშ-ს ოფიციალურმა პირმა ანონიმურობის დაცვით აღნიშნა, რომ ოთხი სამხედრო წვრთნის დროს მომხდარ უბედურ შემთხვევას ემსხვერპლნენ.

პარალელურად, ადგილობრივი ტელევიზიები ავრცელებდნენ ცნობებს, რომ სამხედროების ცხედრები, მანქანასთან ერთად, ჭაობში იპოვეს, თუმცა, ეს ინფორმაცია ჯერჯერობით ოფიციალურად არ დადასტურებულა.

კომენტარები