ნაცისტები არგენტინაში

მილეის ბრძანებით არგენტინაში შეფარებული ნაცისტების შესახებ დოკუმენტები გამოქვეყნდება

არგენტინის პრეზიდენტმა ხავიერ მილეიმ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო არქივებიდან გამოქვეყნდება დოკუმენტები იმ ნაცისტების შესახებ, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არგენტინაში გაიქცნენ და იქ წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ.

"დოკუმენტები ეხება ნაცისტებს, რომლებმაც თავი არგენტინას შეაფარეს და მრავალი წლის განმავლობაში იყვნენ დაცულნი. დღეს არ გვაქვს მიზეზი, გავაგრძელოთ ამ ინფორმაციის დამალვა". - თქვა ქვეყნის პრემიერმინისტრმა, გილერმო ფრანკოსმა.

მისი თქმით, პრეზიდენტის ბრძანება მოიცავს, მათ შორის, იმ დოკუმენტებს, რომლებიც ასახავს შვეიცარიის ბანკების მეშვეობით განხორციელებულ საბანკო და ფინანსურ ტრანზაქციებს, ასევე ჩანაწერებს, რომელიც არგენტინის თავდაცვის სამინისტროში ინახება.

ფრანკოსის განმარტებით, მილეიმ ეს გადაწყვეტილება ამერიკელი სენატორის, ჩაკ გრასლის მიმართვის შემდეგ მიიღო, რომელმაც მას დახმარება სთხოვა შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-ში ნაცისტური აქტივების გამოძიებაში.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არგენტინას, სავარაუდოდ, 5 000-მდე ნაცისტი შეაფარა თავი. მათ შორის ჰოლოკოსტის ერთ-ერთმა არქიტექტორმა და SS-ის ოფიცერმა, ადოლფ აიხმანმა და დოქტორმა იოზეფ მენგელემ, რომელიც ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში ექსპერიმენტებს ატარებდა.

კომენტარები