საპროტესტო აქციები თურქეთში

თურქეთის ჟურნალისტთა გაერთიანება: აქციებზე მუშაობისას 9 ჟურნალისტი დააკავეს

თურქეთში ცხრა ჟურნალისტი დააკავეს, რომლებიც სტამბოლის მერის, ეკრემ იმამოღლუს დაკავების წინააღმდეგ სხვადასხვა ქალაქებში გამართულ საპროტესტო აქციებს აშუქებდნენ. შესაბამის ინფორმაციას თურქეთის ჟურნალისტთა გაერთიანება ავრცელებს.

კვირას, თურქეთის სასამართლომ ეკრემ იმამოღლუს პატიმრობა მიუსაჯა. სტამბოლის მერი კორუფციისა და ექსტრემიზმის ბრალდებით 19 მარტს საკუთარ სახლში დააკავეს.

იმამოღლუს დაკავებას სტამბოლსა და თურქეთის სხვა ქალაქებში მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ ქუჩებში შეკრებაზე ბევრ ქალაქში აკრძალვა ამოქმედდა, ანტისამთავრობო დემონსტრაციები გუშინ, მეხუთე ღამის განმავლობაში გაგრძელდა.


ეკრემ იმამოღლუ 19 მარტს დააკავეს.

თურქეთის სახალხო რესპუბლიკური პარტიის ლიდერის, ოზგიურ ოზელის თქმით, "ეს ნაბიჯი არის გადატრიალების მცდელობა მომავალი პრეზიდენტის წინააღმდეგ".

მანამდე, 18 მარტს, სტამბოლის უნივერსიტეტმა იმამოღლუს დიპლომი გააუქმა. უნივერსიტეტის დიპლომის გარეშე იმამოღლუ ვერ შეძლებს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას.

მამოღლუს დაკავების გასაპროტესტებლად თურქეთის თორმეტზე მეტ ქალაქში, მათ შორის, სტამბოლსა და დედაქალაქ ანკარაში, მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის, ალი იერლიქაიას განცხადებით, თურქეთის ხელისუფლებამ 323 ადამიანი დააკავა.

მომიტინგეების წინააღმდეგ, რომლებიც ქალაქში 26 მარტამდე გახანგრძლივებულ შეკრებების აკრძალვას არ დაემორჩილნენ, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი გამოიყენა.

კომენტარები