დონალდ ტრამპის ბრძანების შესაბამისად, 1963 წელს პრეზიდენტ ჯონ კენედის მკვლელობასთან დაკავშირებით არსებული დოკუმენტების 63 000-ზე მეტი გვერდი გასაჯაროვდა, რის ფარგლებშიც ბევრი მათგანი შესწორებების გარეშე გამოქვეყნდა.
აშშ-ს ეროვნული არქივებისა და ჩანაწერების ადმინისტრაციამ საკუთარ ვებგვერდზე დაახლოებით 2 200 ფაილი გამოაქვეყნა, რომელიც კენედის მკვლელობასთან დაკავშირებით დოკუმენტებს შეიცავს. ცნობისთვის, კენედის მკვლელობასთან დაკავშირებით ეროვნული არქივის კოლექციაში არსებული 6 მილიონზე მეტი გვერდი, ფოტოსურათი, კინოფილმი და არტეფაქტი წარსულში უკვე გასაჯაროებული იყო.
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 17 მარტს გამოაცხადა, რომ კენედის მკვლელობის შესახებ ყველა დარჩენილ ფაილს გაასაჯაროებდა.
დოკუმენტების გამოქვეყნებამდე მკვლევრები თვლიდნენ, რომ არქივში 3 000-დან 3 500-მდე ფაილი იყო დარჩენილი, ხოლო წინა თვეში გამოძიების ფედერალურ ბიუროში (FBI) თქვეს, რომ მკვლელობასთან დაკავშირებით დამატებით 2 400-მდე დოკუმენტი აღმოაჩინეს.
ეროვნული არქივის თქმით, პრეზიდენტის დირექტივის შესაბამისად, გასაჯაროებამ მოიცვა "ყველა დოკუმენტი, რომელიც აქამდე გასაიდუმლოების გამო იყო მიუწვდომელი". თუმცა, Mary Ferrell Foundation-ის ვიცეპრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გასაჯაროებული დოკუმენტები არ მოიცავდა დაპირებული ფაილების ორ-მესამედს, ბოლო დროს FBI-ს მიერ აღმოჩენილ ფაილებსა თუ შიდა შემოსავლების სამსახურის (IRS) 500-მდე ჩანაწერს.