რუსეთმა უკრაინაზე 137 უპილოტო საფრენი აპარატით იერიში მიიტანა.
უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების ინფორმაციით განადგურებულია 63 რუსული დრონი.
გარდა ამისა, რადიო ელექტრო ქვედანაყოფების მუშაობის შედეგად ლოკაციურად დაკარგულია 64 უპილოტო საფრენი აპარატი.
დრონები მოგერიებულია ხარკოვის, პოლტავის, სუმის, ჩერნიგოვის, ჩერკასის, კიევის, ვინიცკის, კიროვგრადის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, ნიკოლაევისა და ხერსონის ოლქებში.
უპილოტო საფრენი აპარატების იერიშის შედეგად დაზარალდა ხარკოვის, სუმის, პოლტავის, დნეპროპეტროვსკისა და ჩერკასის ოლქები.
უკრაინული მედიის ცნობით, კიევში ჩამოგდებული დრონის ნამსხვრევები სკოლის ეზოში ჩამოვარდა.
ოკუპანტებმა დრონები რუსეთიდან, კერძოდ შატალოვოს, კურსკის, მილეროვოსა და პრიმორსკო-ახტარსკის რეგიონებიდან ააფრინეს.
საჰაერო თავდაცვისა და რადიო ელექტრო ბრძოლის ქვედანაყოფების გარდა, იერიშის მოგერიებაში მონაწილეობდნენ საზენიტო სარაკეტო ჯარები და ცეცხლის მობილური ჯგუფები.
რუსეთი უკრაინის ტერიტორიას არტილერიითა და ავიაციით ყოველდღიურად ბომბავს.





