ჰამას-ისრაელის 2023-25 წლის ომი

ისრაელმა ღაზის სექტორში იერიშები განაახლა და ჰამასი მძევლების არ გამოშვებაში დაადანაშაულა

ღაზის სექტორი ისრაელის საჰაერო იერიშის დროს, 22 ნოემბერი, 2023
John MacDougall/AFP via Getty Images

გამოცემა Times of Israel-ის ინფორმაციით, 18 მარტის დილის საათებში ისრაელსა და ჰამასის ტერორისტულ ორგანიზაციას შორის არსებული დროებითი ზავი ჩამოიშალა მას შემდეგ, რაც ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) ღაზის სექტორში ათეულობით საჰაერო იერიში მიიტანა. 

მანამდე, ისრაელის არმიას პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ უბრძანა, რომ ტერორისტული დაჯგუფების წინააღმდეგ "ძალით იმოქმედოს", ვინაიდან ჰამასმა არაერთხელ თქვა უარი ისრაელელი მძევლების გათავისუფლებაზე.

ნეთანიაჰუს უწყების მიხედვით, იერიშების განახლების გადაწყვეტილება "ჩვენი მძევლების გამოშვებაზე ჰამასის მხრიდან განმეორებით უარის თქმას მოჰყვა, ისევე როგორც მათი მხრიდან იმ წინადადებების უარყოფას, რომელიც ახლო აღმოსავლეთში აშშ-ს სპეციალური წარმომადგენლისგან, სტიფ უიტკოფისგან, და სხვა მედიატორებისგან მიიღეს".

ისრაელის მიერ დაწყებული ხელახალი იერიშები ყველაზე ძლიერი იყო მას შემდეგ, რაც იანვარში ისრაელსა და ჰამასს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში შევიდა, და, ამასთანავე, ისრაელმა მიანიშნა, რომ იერიშები მომავალშიც გაგრძელდება. 

"ამიერიდან ისრაელი ჰამასის წინააღმდეგ მზარდი სამხედრო ძალით იმოქმედებს". - თქვეს ნეთანიაჰუს უწყებაში.

ისრაელსა და ჰამასს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირველი ფაზის ფარგლებში ჰამასის ტყვეობიდან ათეულობით ისრაელელი მძევალი გათავისუფლდა, თუმცა შეთანხმება 1-ელ მარტს დამთავრდა.

ამის მიუხედავად, ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება დამატებით თითქმის ორ-ნახევარი კვირის განმავლობაში რჩებოდა ძალაში, რის პარალელურადაც მედიატორები ზავის გახანგრძლივებაზე მუშაობდნენ.

ისრაელის მხარე ითხოვდა, რომ შესაძლო ზავის გახანგრძლივების ფარგლებში ჰამასს დარჩენილი ისრაელელი მძევლებიც გაეთავისუფლებინა პალესტინელი პატიმრებისა და დაკავებული პირების გამოშვების სანაცვლოდ. 

თუმცა, ჰამასი თავდაპირველად დადებული შეთანხმების პირობების შენარჩუნებას ცდილობდა, რომელიც მიმდინარე თვის დასაწყისში მეორე ფაზაში შესვლას გულისხმობდა, რის ფარგლებშიც ისრაელი სრულად უნდა გამოსულიყო, ხოლო ღაზაში დანარჩენი მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ ომის სამუდამო დამთავრებაზე უნდა დათანხმებულიყო.

ისრაელმა თავდაპირველ შეთანხმებას ხელი მოაწერა, თუმცა ნეთანიაჰუ დიდი ხანია ამბობს, რომ ისრაელი ომს არ დაამთავრებს, სანამ ჰამასის მმართველობითი და სამხედრო უნარები განადგურებული არ იქნება. ბოლო არსებული მონაცემების მიხედვით, ჰამასის ტყვეობაში კიდევ 24 ისრაელელი მძევალია ცოცხალი.

კომენტარები