სერბი მაღალჩინოსნები უარყოფენ, რომ 15 მარტს ბელგრადში გამართული მასობრივი ანტისამთავრობო აქციის დასაშლელად სამხედრო დონის აკუსტიკური (ხმოვანი) იარაღი გამოიყენეს.
ოპოზიციის წარმომადგენლები და სერბული უფლებადამცველი ორგანიზაციები ამბობენ, რომ საპროტესტო აქციის დროს მთავრობამ საყოველთაოდ აკრძალული აკუსტიკური იარაღი გამოიყენა, რომელიც ასხივებს მიზანმიმართულ ხმოვან ტალღას, რათა ხალხმა დროებით ქმედუნარიანობა დაკარგოს.
ოპოზიციონერებისა და უფლებადამცველი ორგანიზაციების თქმით, ვუჩიჩის მთავრობას ბრალს წარუდგენენ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში და შიდა სასამართლოებში.
მიუხედავად იმისა, რომ სერბი მაღალჩინოსნები უარყოფენ აკუსტიკური იარაღის გამოყენებას, ისინი არ უარყოფენ, რომ აღნიშნული არსენალი აქვთ.
იარაღის გამოყენება სერბეთის პოლიციამ და თავდაცვის სამინისტრომ უარყო.
სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა 16 მარტს იუსტიციის სამინისტროსა და პროკურატურას მიმართა, დაიწყოს გამოძიება აკუსტიკური იარაღის გამოყენების ფაქტზე, თუმცა დაამატა, რომ მთავრობამ იცის, რომ ეს არ მომხდარა, მაგრამ "გადაამოწმებენ".
"მე ვთხოვ იუსტიციის მინისტრსა და პროკურატურას, ჰქონდეს რეაქცია, გაასამართლოს ის, ვინც [აკუსტიკური იარაღი] გამოიყენა, ჩვენ ვიცით, რომ მათ ეს არ უქნიათ, თუმცა გადავამოწმოთ. დაე, გაიმართოს სასამართლო პროცესი, თუმცა შემდეგ ისინიც უნდა დაისაჯონ, ვისაც საზოგადოება ასეთ ტყუილში შეჰყავს". - თქვა ვუჩიჩმა.
ცნობისთვის, ბელგრადში ალექსანდრ ვუჩიჩის მთავრობის წინააღმდეგ 15 მარტს მასობრივი საპროტესტო აქცია გაიმართა. მეტწილად სტუდენტების მიერ ორგანიზებული დემონსტრაციებით სერბები ვუჩიჩის მთავრობაში არსებულ კორუფციას აპროტესტებენ.
ბელგრადში საპროტესტო დემონსტრაციები მას შემდეგ დაიწყო, რაც 2 ნოემბერს სერბეთის სიდიდით მეორე ქალაქ ნოვი-სადში, რკინიგზის ერთ-ერთ სადგურზე ბეტონის ჭერის ჩამონგრევის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა.
აქციის ერთ-ერთ მომენტში, მაშინ, როდესაც დემონსტრანტები 15-წუთიან დუმილს მიაგებდნენ სადგურზე დაღუპული ადამიანების ხსოვნას, უცნაური ხმა გაისმა, რამაც პანიკა გამოიწვია და ქუჩაში მდგარი ხალხი დაშალა.
მომხდარის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელებში ვრცელდება.