12 მარტს აშშ-ს სენატორმა ლინდსი გრემმა პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შეაქო 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე უკრაინის დათანხმებისთვის, თუმცა გამოხატა მტკიცე სკეპტიციზმი იმ მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი ამ წინადადებას დათანხმდება.
"ჩემთვის აშკარაა, რომ პრეზიდენტი ზელენსკი მზად არის, მშვიდობაზე შეთანხმდეს. როგორც სახელმწიფო მდივანმა რუბიომ თქვა, ბურთი ახლა რუსეთის მოედანზეა. უკიდურესად სკეპტიკური ვარ, რომ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმდება და ძალზე ვეჭვობ, რომ მათ ამ ომის დამთავრება სურთ". - დაწერა გრემმა X-ზე.
გრემის თქმით, ზელენსკის მშვიდობის მიმართ სურვილზე ტესტი წარმატებით გაიარა და დაამატა, რომ "ახლა პუტინის დროა, კარტები გვაჩვენოს".
"თუ ისინი ცეცხლის შეწყვეტას ისეთივე მონდომებით არ შეეცდებიან, როგორც უკრაინელები, საფასურის გადახდა მოუწევთ. ჩემი კანონპროექტის მიმართ დიდძალ ორპარტიულ მხარდაჭერას მოველი". - თქვა მან.
საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებების ფარგლებში უკრაინის დელეგაციამ მზადყოფნა გამოთქვა 30 დღით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დადებასთან დაკავშირებით, თუ ამ წინადადებას მხარს რუსეთიც დაუჭერს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ დელეგაციებმა განიხილეს ცეცხლის შეწყვეტის პერიოდში სამხედრო ტყვეების გაცვლის, დაპატიმრებული მშვიდობიანი მოქალაქეების გათავისუფლებისა და იძულებით გადაადგილებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნების მნიშვნელობა. დელეგაციები ასევე შეთანხმდნენ განსაზღვრონ თავიანთი მოლაპარაკებების ჯგუფების შემადგენლობა და დაუყოვნებლივ დაიწყონ მოლაპარაკებები მდგრადი მშვიდობის მისაღწევად, რომელიც უზრუნველყოფს უკრაინის გრძელვადიან უსაფრთხოებას.
ამასთანავე, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტები "შეთანხმდნენ, რაც შეიძლება სწრაფად გააფორმონ ყოვლისმომცველი შეთანხმება უკრაინის კრიტიკული მინერალური რესურსების განვითარებაზე, რათა გააძლიერონ ქვეყნის ეკონომიკა და უზრუნველყონ უკრაინის გრძელვადიანი კეთილდღეობა და უსაფრთხოება".
შეხვედრის დასრულების შემდეგ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, ასევე აღნიშნა, რომ მხარეებს შორის მიღწეულ შეთანხმებას მალე რუსეთსაც წარუდგენენ და დაამატა, რომ "ბურთი ახლა რუსეთის მოედანზეა".
"ჩვენ მათ [რუსეთს] ამ შეთავაზებას წავუღებთ და ვეტყვით, რომ ეს დევს მაგიდაზე. [...] უკრაინა მზად არის, შეწყვიტოს სროლა და დაიწყოს საუბარი და ახლა რუსეთზეა დამოკიდებული, დათანხმდება თუ არა" [...] იმედი მაქვს, რომ დათანხმდებიან. თუ ამას გააკეთებენ, ვფიქრობ, დიდი პროგრესი იქნება. თუ უარს იტყვიან, მაშინ, სამწუხაროდ, ჩვენ გვეცოდინება, თუ ვინ აბრკოლებს მშვიდობის დამყარებას" – ამბობს რუბიო.





