მდინარაძის და კალაძის ტანტრუმები (დიფ სთეითი არ სუსტდება, ძლიერდება) უტყუარად აჩვენებს, რომ უკუნ და ჩაბეტონებულ იზოლაციაში არიან, საიდანაც გამოსვლის არანაირი პერსპექტივა არ აქვთ.
მათი ერთადერთი ტაქტიკაა, უბრალოდ ბოლი დააყენონ და რიტორიკის დონეზე შეეტენონ ამერიკის ახალ ადმინისტრაციას, იმ იმედით, რომ პროტესტი გადაიღალა და ამ პოზიციონირებთ ხალხი დაბოლდება. ამ დროს მათ უბრალოდ არავინ ელაპარაკება, გამარჯობასაც არ ეუბნებიან.
ამასობაში, მეგობარი აქტი ცოტათი კი გადაიდო (დემოკრატებმა გადადეს) მაგრამ განა რაღამდენით გადაიდება? აუცილებლად მიიღებენ. ევროპარლამენტის რეზოლუციებისგან განსხვავებით, მეგობარი აქტს კანონის ძალა ექნება და "დაავალდებულებს პრეზიდენტს, დაუწესოს სანქციები ქართული ოცნების მაღალჩინოსნებსა და მათ ხელშემწყობებს, რომლებიც ჩართული იყვნენ კორუფციაში, რათა ჩაეშალათ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია, [რომლებმაც] ძირი გამოუთხარეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ან ჩართული იყვნენ სხვა სახის კორუმპირებულ ქმედებებში, რაც დამაზიანებელი იყო საქართველოში სტაბილურობისთვის".
პაპუაშვილის მიერ რამდენიმე დღის წინ დიდი ბრიტანეთის ელჩის ლანძღვა (ეგო ლეიბორისტული პარტიის ელჩიაო - თითქოს კონსერვატორებთან და ლიბდემებთან დალაგებული ჰქონდეთ) ასევე აჩვენებს, რომ ბრიტანული ფინანსური სანქციების ალბათობა (აი, ძალიან რომ ეშინოდათ იმ სანქციების) მომატებულია და წინასწარ უკეთებენ ნიველირებას. მანდ მთავარი ინტრიგაა, მოხვდება თუ არა სანქციებში ქოცების საყრდენი რომელიმე ბიზნესფიგურა, რასაც ქოცურ ბიზნეს წრეებში კონვულსიები მოყვება.
იგივე პაპუაშვილის მიერ იმავე დღეს ლიტვის ელჩის ლანძღვა - რატომ ზის ლიტვის ელჩი მზია ამაღლობელის საქმეზე წინა რიგშიო - და ასევე ისიც, რომ ამ და ახალგაზრდების საქმეში ასე მალე გამოცვალეს მოსამართლეები, იმაზე მეტყველებს, რომ მოსამართლეებში უკმაყოფილებაა. ამაში პაპუაშვილი სრულიად მართალია - სიბინძურეში მონაწილეობით მოსამართლეები და პოლიციელები იშარებიან და ზაფხულში იტალიასა თუ საბერძნეთშიც კი ვერ წავლენ ერთი კვირით. კიდევ ერთხელ: ზოგს არასწორად ესმის ბალტიის ქვეყნების სამოგზაურო აკრძალვების მნიშვნელობა - როცა ადამიანი ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის მიერაა შავ სიაში შეყვანილი, მას უდიდესი ალბათობით ესტონელი კი არა, არც პურტუგალიელი მესაზღვრე შეუშვებს საკუთარ ტერიტორიაზე და არც ბერძენი. თუ არ ჯერათ, სცადონ. ერთი სიტყვით, ეს სავიზო შეზღუდვები მუშაობს და საგარეო ფრონტზე წნეხის ზრდის დინამიკა სახეზეა. მოსამართლეებს კი არა, აგერ მწერალთა სახლის დირექტორსაც კი უარს ეუბნებიან ბრიტანეთის ვიზაზე. ტყუილია, თითქოს მათ ეს არ აღელვებთ - აღელვებთ და თანაც ძალიან. კეთროვნად გადაქცევა არავის სიამოვნებს.
ამ ყველაფრის ფონზე, რუსთაველის ყოველდღე გადაკეტვა რეჟიმის იზოლაციას აბეტონებს. ამასობაში დიდი აქციებიც იქნება. ფართე კონტექსტში, რეჟიმზე წნეხი მაინც იზრდება და რიგგარეშე არჩევნების დადება მაინც მოუწევთ.