პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ცნობით, სამსახურმა საკუთარი ინიციატივით, დაიწყო 2 დამოუკიდებელი არაგეგმური შემოწმება, რაც მოიცავს 112-ის მიერ კამერების მეშვეობით ბიომეტრიულ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლას და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სპეციალური ელექტრონული პროგრამის მეშვეობით, ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესში, ბიომეტრიულ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლას.
"გვსურს, გამოვეხმაუროთ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას და საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა, 2025 წლის 18 თებერვალს, საკუთარი ინიციატივით, დაიწყო 2 დამოუკიდებელი არაგეგმური შემოწმება (ინსპექტირება), რომელიც მოიცავს:
- შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ის მიერ კამერების მეშვეობით (თბილისი, რუსთაველის გამზირი) ბიომეტრიულ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლას;
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სპეციალური ელექტრონული პროგრამის მეშვეობით, ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესში, ბიომეტრიულ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლას.
აღნიშნულის თაობაზე, 2025 წლის 20 თებერვალს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას ეცნობა წერილობით. პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების 2 შემოწმება (ინსპექტირება) მიმდინარე ეტაპზეა, შესაბამისად, მის დასრულებამდე, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, სამსახური მოკლებულია წინასწარი შეფასების შესაძლებლობას". - ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის(საია) განცხადებით, შსს სახის ამომცნობ ტექნოლოგიებს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ტოტალური კონტროლისათვის იყენებს.
საიას თანახმად, ვიდეო ჩანაწერიდან იკვეთება, რომ კამერების მიახლოებით შესაძლებელია არა მარტო პირების იდენტიფიცირება, არამედ, სხვა ტიპის ინფორმაციების მიღება, მაშინაც კი, როდესაც ეს კონკრეტული ინფორმაცია რაიმე სამართლებრივ კავშირში არაა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმესთან.