ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებას შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილისათვის სტატუსის შეჩერების თაობაზე უნივერსიტეტის ლექტორების, პროფესორებისა და თანამშრომლების ნაწილი განცხადებით გამოეხმაურა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ისინი შუამდგომლობენ სტუდენტებს და მოუწოდებენ რექტორს, შეაჩეროს კომისიის გადაწყვეტილება.
"ბატონო გიორგი, მოგეხსენებათ, რომ უნივერსიტეტის ეთიკის კომისიამ სტუდენტებს:
ქეთევან ჯავახიშვილს, მარიამ მაყაშვილს, ლუკა ჯაფარიძეს, ბაია კერესელიძეს, ნინო გოგიას, ამირან ჯიმშერაშვილს, შაკო სირბილაშვილს, ლიზა წერეთელს, ნანიტა მამესწარაშვილს და თემო ვაჭარაძეს შეუჩერა სტუდენტის სტატუსი.
ჩვენ, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და თანამშრომლები ვშუამდგომლობთ მათ და გთხოვთ, რომ უნივერსიტეტის უმაღლესმა პირმა, რექტორმა შეაჩეროთ კომისიის ეს გადაწყვეტილება. ახალგაზრდებს მისცეთ სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა.
ვინაიდან, მიგვაჩნია, რომ უნივერსიტეტში განვითარებულ მოვლენებზე, ახალგაზრდებზე მეტად, თითოეული ჩვენგანი, მათი პედაგოგები ვართ პასუხისმგებლები. ასევე, ყოვლად მიუღებლად მიგვაჩნია ჩვენს სტუდენტებთან ურთიერთობის მოგვარება პოლიციის "დახმარებით" და, ვფიქრობთ, ეთიკის კომისიაზე, სწორედ იმ პირთა საკითხია განსახილველი, რომლებმაც თავიანთი ქმედებით უნივერსიტეტის პრესტიჟი და სახელი შელახეს.
პატივისცემით, პროფესორ-მასწავლებლები და თანამშრომლები." - წერია განცხადებაში.
განცხადებას ხელს 20 პროფესორი, ლექტორი, პედაგოგი და დოქტორი აწერს.
ცნობისთვის, დღეს დილით, 10 მარტს, პროტესტის მონაწილე სტუდენტების ნაწილს სტატუსი შეუწყვიტეს, ხოლო 9 მარტს, ათობით გაფიცული სტუდენტი 5000 ლარით დააჯარიმეს და თეატრალური უნივერსიტეტის ტერიტორია დაატოვებინეს.
"ჩვენ მეილი მივიღეთ დღეს დილით, სადაც არ არის დასახელებული არანაირი მიზეზი რატომ გვიჩერებენ სტატუსს. ჯერჯერობით სტატუსი შეჩერებული არ გვაქვს არცერთს, თუმცა კომისიამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება და სავარაუდოდ, რექტორმა უნდა დაადასტუროს ეს ყველაფერი.
არანაირი დეტალი ამასთან დაკავშირებით არც სამრათლებრივი და სხვა მიზეზები არ ვიცით - ეს ყველაფერი ახლა არ დაწყებულა, ჩვენ 83 დღე ვიყავით უნივერსიტეტში და გუშინ თვითონ უნივერსიტეტმა სამჯერ გამოიძახა პოლიცია და ყველანაირად ცადეს, რომ გამოვეყარეთ ასე რომ ვთქვათ და დავტოვეთ შენობა ჩვენ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ პროტესტი ჩერდება, ის ახალ სიცოცხლეს იძენს.
ამდენჯერ სცადეს, რომ ჩაეხშოთ ჩვენი ხმა და ბოლო წერტილი თითქოს ამაში იპოვეს, რომ "მოდი, გავრიცხოთ უნივერსიტეტიდან ეს სტუდენტები", თუმცაა ჯერჯერობით ჩვენ ისევ ამ უნივერსიტეტის სტუდენტები გვქვია და ისევ ვილაპარაკებთ ამ უნივერსიტეტის სახელით ღირსეულ სიტყვას და გავაჟღერებთ იმ სიმართლეს, რასაც უნივერსიტეტიდან ვავრცელებდით.
რაც უფრო ცდილობენ, რომ შეგვაშინონ, მეტად ვძლიერდებით და ეს ასე იქნება". - თქვა ნინო გოგიამ, თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტმა.

გაფიცული სტუდენტებისთვის სტატუსის შეწყვეტას ეთიკის საბჭო განცხადებით გამოეხმაურა:
"ეთიკის კომისიის მიერ 7 მარტს მიღებული გადაწყვეტილების მიმართ საზოგადოების მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე საჭიროდ ვთვლით განვმარტოთ:
რექტორის მიერ ბრძანება სტუდენტების სტატუსის შეწყვეტის შესახებ ჯერ არ არის გამოცემული.
სტუდენტებს აქვთ უფლება გაასაჩივრონ ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება და წერილობით მიმართონ რექტორს, სამი სამუშაო დღის განმავლობაში.
რექტორს აქვს ერთი თვის ვადა თითოეული სტუდენტის საქმის განსახილველად და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად" - ნათქვამია განცხადებაში.





