უნგრეთის პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა 7 მარტს თქვა, რომ ევროკავშირში უკრაინის პოტენციურ გაწევრიანებასთან დაკავშირებით უნგრეთი გამოკითხვას ჩაატარებს.
"ჩვენ გვაქვს ე.წ. ეროვნული კონსულტაციის სქემა, რომელსაც რეგულარულად ვიყენებთ ხალხის აზრის შესაგროვებლად, ამიტომ ჩვენ ამავე სქემას გამოვიყენებთ ახლაც". - უთხრა ორბანმა რეპორტიორებს ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების საგანგებო სამიტის შემდეგ.
ორბანის მთავრობამ 2010 წლიდან მოყოლებული ათეულობით მსგავს "ეროვნული კონსულტაციის" გამოკითხვა ჩაატარა სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის მიგრაციასა და LGBT უფლებებზე. გამოკითხვის ფარგლებში ხმის მიცემის უფლების მქონე ყველა უნგრელი ფოსტის მეშვეობით წერილს იღებს, რომელშიც მთავრობა მოსახლეობას კითხვაზე პასუხის გაცემას სთხოვს.
თუმცა, უნგრული მედიის მიხედვით, ხშირად კითხვები ისეთი სახით არის დასმული, რომ გამოკითხვა წინასწარ განსაზღვრულ პასუხებს იძლევა და პასუხების დიდი უმრავლესობა ძირითადად თანხვედრაშია მთავრობის პოზიციასთან, ხოლო ქვეყნის ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება ამ გამოკითხვებს პროპაგანდის ინსტრუმენტებად მიიჩნევს.
მაგალითად, 2023 წელს ევროკავშირის საიმიგრაციო პოლიტიკასთან დაკავშირებით ჩატარებულ გამოკითხვაში მთავრობამ მოსახლეობას ჰკითხა, ემხრობოდა თუ არა ბრიუსელის მიერ უნგრეთში "მიგრანტთა გეტოების" შექმნას. კითხვას პასუხი უნგრელების 20%-ზე ნაკლებმა გასცა, თუმცა 99%-მა უპასუხა, რომ არ ემხრობა.
Politico გამოკითხვის შედეგები სამართლებრივ ვალდებულებას არ აწესებს, თუმცა ორბანის მთავრობა აღნიშნულ ინსტრუმენტს რიგ საკითხებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის გასაძლიერებლად იყენებს.