კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა ოკუპირებული აფხაზეთის ახლადარჩეულ დეფაქტო ხელისუფლებასთან სამომავლო ურთიერთობებზე ილაპარაკა.
პესკოვის თქმით, რუსეთი აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკას ელექტროენერგიით მომარაგებაში დაეხმარება.
კრემლის სპიკერის მტკიცებით, რუსეთის ერთ-ერთი პრიორიტეტი აფხაზეთის მოსახლეობისთვის რუსული პასპორტების გაცემის პროცესის დაჩქარებაა.
გარდა ამისა, პესკოვმა ახსენა საკამათო საინვესტიციო შეთანხმებაც, რომლის გამოც ე.წ. აფხაზეთის პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა ასლან ბჟანიამ.
"საინვესტიციო შეთანხმების თემაზე შეხვედრისას ილაპარაკეს ვლადიმირ პუტინმა და ბადრა გუნბამ". – თქვა პესკოვმა.
2025 წლის 1 მარტს აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში კრემლის ფავორიტმა, ბადრა გუნბამ გაიმარჯვა.
გუნბას საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას მოსკოვი აქტიურად უჭერდა მხარს. პარალელურად რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე ე.წ. ოპოზიციის წევრს გაუუქმა რუსული პასპორტები.
გუნბა ბჟანიას გუნდის წევრია. თავად ბჟანიას თანამდებობის დატოვება 2024 წლის ბოლოს მოუწია, როდესაც ოკუპირებულ აფხაზეთში მასიური საპროტესტო აქციები დაიწყო. მომიტინგეები რუსეთთან საინვესტიციო ხელშეკრულების დადებას აპროტესტებდნენ.
ოკუპირებულ აფხაზეთში საპროტესტო აქციები რუსეთთან გასაფორმებელი საინვესტიციო კანონი და მისი შინაარსი გახდა. ბჟანიას რეჟიმის ოპოზიციონერები ხაზს უსვამენ, რომ მათ რუსეთთან კარგი ურთიერთობა სურს, თუმცა მათთვის პრობლემას თავად ე.წ. პრეზიდენტი წარმოადგენს. დემონსტრანტებმა ე.წ. პარლამენტის შენობაში შეღწევა შეძლეს. ბჟანიას რეჟიმსა და მის მოწინააღმდეგეებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
15 ნოემბერს, სოხუმში მომიტინგეები თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტის შენობის ეზოში შეიჭრნენ და შენობას ალყა შემოარტყეს.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტში ჩაიშალა სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესი.
დე ფაქტო ოპოზიციამ ე.წ. სახელმწიფო შენობათა კომპლექსი დაიკავა. აქციის მონაწილეები ბჟანიას გადადგომას ითხოვდნენ.





