სირია

Reuters: ისრაელი აშშ-სთან ლობირებს, რომ სირიაში რუსული სამხედრო ბაზები შენარჩუნდეს

REUTERS/Umit Bektas/File Photo 

Reuters-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, ისრაელი აშშ-სთან ლობირებს, რომ სირია სუსტი და დეცენტრალიზებული დარჩეს, მათ შორის, რუსული სამხედრო ბაზების შენარჩუნების გზით, რათა ქვეყანაში მზარდ თურქულ გავლენებს დაუპირისპირდეს. 

თურქეთსა და ისრაელს დაძაბული ურთიერთობები აქვთ, რაც კიდევ უფრო გამწვავდა ღაზის სექტორში ომის დაწყების შემდეგ. გამოცემის ინფორმაციით, ისრაელელმა მაღალჩინოსნებმა ვაშინგტონს უთხრეს, რომ სირიის ახალი ისლამისტი ლიდერები, რომლებსაც მხარს ანკარა უჭერს, ისრაელის საზღვრებს საფრთხეს უქმნიან. 

როგორც Reuters წერს, ისრაელის ლობირება მიუთითებს შეთანხმებულ კამპანიაზე, სირიისთვის კრიტიკულ მომენტში გავლენა მოახდინოს აშშ-ს საგარეო პოლიტიკაზე, როცა სირიის ახალი მთავრობა, რომელმაც გასულ დეკემბერს ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი დაამხო, ქვეყნის ჩამოშლილი ეკონომიკის სტაბილიზებასა და აშშ-სთან კომუნიკაციას 

ისრაელმა ამერიკელ ოფიციალურ პირებს საკუთარი ხედვები თებერვალში ვაშინგტონში გამართულ შეხვედრებსა და ისრაელში აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის კონგრესმენებთან შეხვედრებზე გააცნო. 

"ისრაელის დიდ შიშს წარმოადგენს ის, რომ თურქეთი მოვა და დაიცავს სირიის ახალ ისლამისტურ წესრიგს, რომელიც საბოლოოდ ჰამასისა და სხვა დაჯგუფებების ბაზად იქცევა ხოლმე". - უთხრა ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, Century International-ის თანამშრომელმა, არონ ლუნდმა Reuters-ს. 

წყაროების თქმით, უცნობია, თუ რამდენად გაითვალისწინებს აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელის წინადადებას. ტრამპის ადმინისტრაციას ცოტა რამ უთქვამს საჯაროდ სირიისა და სირიის ახალი მთავრობის შესახებ, რაც გაურკვეველს ხდის სირიაზე დაწესებული ამერიკული სანქციების მომავალსა და სირიის ჩრდილოაღმოსავლეთ ნაწილში აშშ-ს ძალების დარჩენის საკითხს. 

ბაშარ ალ-ასადი, რომელიც სირიას 24 წლის განმავლობაში მართავდა, გასული წლის დეკემბერში ტერორისტულმა ორგანიზაცია ჰაიათ თაჰრირ ალ-შამმა (HTS) დაამხო. ქვეყანას ამჟამად ახალი პრეზიდენტი, აჰმედ ალ-შარაა მართავს, რომელიც დეკემბერში ასადის რეჟიმის დასამხობად საბრძოლო მოქმედებებს მეთაურობდა. HTS ალ-კაიდასთან აფილირებული დაჯგუფება იყო, თუმცა კავშირები მასთან 2016 წელს გაწყვიტეს. 

ცნობისთვის, 26 თებერვალს ისრაელმა სირიის სამხრეთ ნაწილში მდებარე სამხედრო სამიზნეებზე ავიადარტყმები მიიტანა.

ისრაელის მთავრობის წევრები, მათ შორის, პრემიერმინისტრი ნეთანიაჰუ სირიის სამხრეთ ნაწილის დემილიტარიზაციას მოითხოვენ და ამბობენ, რომ ისრაელი დამასკოს სამხრეთით სირიის არმიის გადაადგილებას არ დაუშვებს.

ამასთან, 1-ელ მარტს გავრცელებული ინფორმაციით, 

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ და თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა ისრაელის თავდაცვის ძალებს (IDF) დაავალეს, რომ სირიაში უმეტესად დრუზებით დასახლებული ქალაქის, ჯარამანას "დასაცავად მოემზადონ". 

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის ოფისმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ქალაქი ჯარამანა "ამჟამად სირიის რეჟიმის ძალების თავდასხმის ქვეშ" არის. 

"სირიაში ექსტრემისტულ ისლამურ რეჟიმს საშუალებას არ მივცემთ, რომ დრუზები დააზიანონ. თუკი რეჟიმი დრუზებს დააზიანებს, ჩვენ იერიშს მივიტანთ. [...] ჩვენ პასუხისმგებელნი ვართ ისრაელში ჩვენი დრუზი ძმების წინაშე, რომ გავაკეთოთ ყველაფერი, რათა სირიაში მათ დრუზ ძმებს ზიანი ავარიდოთ და მათი უსაფრთხოების შესანარჩუნებლად ყველა საჭირო ნაბიჯს გადავდგამთ". - თქვა კაცმა. 

არსებული ცნობების მიხედვით, სირიის ხელისუფლებას ადგილობრივი დრუზების შეიარაღებულ ჯგუფებთან დაპირისპირება აქვს. 

კომენტარები