რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

სტარმერი ლონდონში ზელენსკისა და სხვა ევროპელ ლიდერებთან ერთად შეხვედრას გამართავს

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, კირ სტარმერი კვირას, 2 მარტს, ლონდონში უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან და სხვა ევროპელ ლიდერებთან შეხვედრას გამართავს.

ამის შესახებ ცნობებს მედია პრემიერმინისტრის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს

შეხვედრაზე მხარეები უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში ევროპის მხრიდან შესაძლო უსაფრთხოების გარანტიებს განიხილავენ. 

"პრემიერმინისტრი სამიტს გამოიყენებს, რათა უკრაინაზე ევროპის მოქმედება წინ წაწიოს, რითაც აგზავნის გზავნილს, რომ ჩვენ კოლექტიურად ურყევად მხარს ვუჭერთ სამართლიან და გრძელვადიან მშვიდობას, რომელიც უკრაინის მომავალ სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს". - განაცხადა პრემიერმინისტრის ოფისმა. 

პრემიერმინისტრის ოფისის ცნობით, სტარმერმა ლონდონში ზელენსკისთან ერთად, მათ შორის, გერმანიის, დანიის, იტალიის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პოლონეთის, ესპანეთის, თურქეთის, ფინეთის, შვედეთის, ჩეხეთისა და რუმინეთის ლიდერები დაპატიჟა. 

გარდა ამისა, შეხვედრას, სავარაუდოდ, ასევე NATO-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე და ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები, ურსულა ფონ დერ ლაიენი და ანტონიო კოშტა დაესწრებიან. 

პრემიერმინისტრის ადმინისტრაციამ აღნიშნა, რომ სტარმერი ზელენსკისთან და იტალიის პრემიერმინისტრ, ჯორჯია მელონისთან შეხვედრას ცალკე მოაწყობს. 

26 თებერვალს საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა ერიკ ლომბარმა Bloomberg Television-თან ინტერვიუში თქვა, რომ გაერთიანებული სამეფო, გერმანია, საფრანგეთი და სხვა ევროპული სახელმწიფოები მზად არიან, შესაძლო ზავის უზრუნველსაყოფად სამხედროები უკრაინაში გაგზავნონ.

მანამდე, 17 თებერვალს ბრიტანული გამოცემა The Telegraph-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი კირ სტარმერი მზადაა, ბრიტანელი სამხედროები უკრაინაში გაგზავნოს, რათა ნებისმიერი სახის სამშვიდობო შეთანხმება აღსრულებული იყოს.

უკრაინაში სამშვიდობოების გაგზავნის იდეას ემხრობა აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც, რომელიც ასევე ამტკიცებს, რომ ამ იდეაზე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინიც არის თანახმა.

"იგი [პუტინი] ამაზე დათანხმდება". - თქვა ტრამპმა უკრაინაში სამშვიდობოების გაგზავნასთან დაკავშირებით: "მე კონკრეტულად ეს კითხვა დავუსვი. ამაზე პრობლემა არ აქვს". - დაამატა მან.

თუმცა, მოგვიანებით კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა ამ საკითხთან დაკავშირებით ხაზი გაუსვა სერგეი ლავროვის მიერ გაკეთებულ განცხადებას, როდესაც მან თქვა, რომ მსგავსი ნაბიჯი რუსეთისთვის მიუღებელი იქნება.

კომენტარები