დიდთოვლობა დასავლეთ საქართველოში

რა ვითარებაა ბათუმის აეროპორტში, სადაც დიდთოვლობამ გადახურვა დააზიანა

თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მმართველი კომპანია ტავ ჯორჯიას ცნობით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დიდთოვლობის გამო დაზიანებული მსუბუქი გადახურვის ლოკალური  აღდგენითი სამუშაოები "თითქმის დასრულდა".

"მოიხსნა დაზიანებული ნაწილი და მიმდებარე ტერიტორია თოვლის საფარისგან გაიწმინდა. დღის ბოლოს ტერმინალი უკვე მზად იქნება მგზავრების შეუფერხებლად მისაღებად, თუმცა ფრენების აღდგენა უკვე დამოკიდებულია ავიაკომპანიების გადაწყვეტილებაზე, რომელსაც ისინი მეტეოროლოგიური პირობებისა და ხილვადობის  გათვალისწინებით იღებენ" - აცხადებს ტავ ჯორჯია.

გუშინ, 24 თებერვალს, ძლიერი თოვის დროს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ცენტრალური შესასვლელის მსუბუქი გადახურვა დაზიანდა. არავინ დაშავებულა.

"ტავ ჯორჯიამ, თავისივე რესურსებით, აღდგენითი სამუშაოები მყისიერად დაიწყო და ეს პროცესი მთელი ღამის განმავლობაში არ შეჩერებულა. ამასთან, თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მმართველი კომპანია ინტენსიურად ასუფთავებს ბათუმში აეროდრომის ტერიტორიას, რათა აეროპორტი მუდმივად მზად იყოს რეისების მისაღებად. მიუხედავად იმისა, რომ ავიაკომპანიების გადაწყვეტილებით დღეს და გუშინ ბათუმში ფრენები არ სრულდება, აეროდრომი მაინც მუდმივ მზადყოფნაშია" - ნათქვამია განცხადებაში.

რამდენიმე დღეა, დიდთოვლობის გამო, ბათუმის აეროპორტი შეზღუდვებით მუშაობს. გასული სამი დღის განმავლობაში, ბათუმის რეისებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი იღებდა.

კომენტარები