ჰამასსა და ისრაელს შორის დადებული ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გაცვლის შესახებ შეთანხმების პირველი ფაზის დასასრულს, ჰამასის ტყვეობიდან კიდევ 6 მძევალი გათავისუფლდა.
მათგან დღის პირველ ნახევარში გათავისუფლებული ორი მძევალი, ავერა მენგისტუ და ტალ შოჰამი უკვე ისრაელშია, სამი - ომერ შემ ტოვი, ელია კოენი და ომერ უენკერტი ტერორისტულმა ორგანიზაციამ ახლახან გადასცა წითელ ჯვარს, ხოლო ბოლო მძევალს, ჰიშამ ალ-საიედს ჰამასი საღამოს საათებში გადასცემს ისრაელს.
აღნიშნული მძევლებიდან ყველა, გარდა ავერა მენგისტუსა და ჰიშამ ალ-საიედისა, ტერორისტებმა 2023 წლის 7 ოქტომბრის ტერაქტისას გაიტაცეს. მენგისტუ ჰამასის ტყვეობაში 2014 წლიდან, თითქმის 11 წლის განმავლობაში იყო, ხოლო ალ-საიედი 2015 წლიდან, 10 წლის განმავლობაში.
ცნობისთვის, ჰამასსა და ისრაელს შორის იანვარში დადებული შეთანხმების პირველი ფაზის ფარგლებში, ამ დროისთვის, ტერორისტების ტყვეობიდან 34 ისრაელელი მძევალი გათავისუფლდა. მათგან შინ 30 დაბრუნდა ცოცხალი, ხოლო 4 მოკლული - მათი ცხედრები ტერორისტებმა ისრაელს 20-22 თებერვალს გადასცა.
თავის მხრივ, ისრაელმა მძევლების სანაცვლოდ დაახლოებით 1900 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა.
ჰამასის ბოლო განცხადების მიხედვით, ტერორისტული ორგანიზაცია მზადაა, დაიწყოს ისრაელთან შეთანხმების მეორე ფაზა.