ბერლინში ჰოლოკოსტის მემორიალთან დანით თავდასხმის შედეგად ერთი კაცი სერიოზულად დაშავდა.
გერმანული პოლიცია X-ზე წერს, რომ შემთხვევა ადგილობრივი დროით საღამოს 6 საათზე მოხდა, დაშავებული პირი საავადმყოფოში არის გადაყვანილი და გამოძიება მიმდინარეობს.
"მაშველები ადგილზე არიან და რამდენიმე ადამიანს ეხმარებიან, რომლებიც მოვლენებს შეესწრნენ". - წერია პოლიციის განცხადებაში.
პოლიცია ბრალდებულ კაცს ეძებს, რომელმაც, მათი ვარაუდით, შემთხვევის ადგილი იარაღით დატოვა. სამართალდამცავთა ცნობით, არ იციან, თუ ზუსტად რა იარაღით ჩაიდინა თავდამსხმელმა დანაშაული.
"ჯერჯერობით ამოუცნობი ბრალდებული კაცი თავს დაესხა აქ მდგომ პიროვნებას, რომელიც იმდენად სერიოზულად დაშავდა, რომ სახანძრო ბრიგადას მოუწია, ის საავადმყოფოში სასწრაფო მკურნალობისთვის გადაეყვანა". - თქვა ბერლინის პოლიციის სპიკერმა, ფლორიან ნათმა.
ნათმა დაამატა, რომ პოლიციის შეფასებით, საზოგადოებისთვის მყისიერი საფრთხე არ არსებობს.
გაურკვეველია, იცნობდა თუ არა თავდამსხმელი მსხვერპლს. გარდა ამისა, თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.
გამოცემა Tagesspiegel-ის ინფორმაციით, პოლიციელმა შემთხვევის ადგილი გამოყვეს და სამძებრო სამუშაოებს ატარებენ.