ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

ქარტია: კანონის რეპრესიული ნორმების გამოყენება ჟურნალისტებს საქმიანობაში ხელს უშლის

აქცია რუსთაველზე, 4 იანვარი
ტაბულა

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ინფორმაციით, მათთვის ცნობილია13 შემთხვევის შესახებ, როდესაც პოლიცია ჟურნალისტებს, რომლებიც პროფესიულ მოვალეობის შესრულებისას, “გზის ხელოვნურად გადაკეტვას” ედავება. ქარტიის ცნობით, შემთხვევები უმეტესად თბილისში მოხდა, თუმცა არის ერთი შემთხვევა რეგიონშიც, კერძოდ, ზუგდიდში. 

"პოლიცია გზის გადაკეტვას ედავება:  

  • ტუდია მონიტორის ჟურნალისტს ნინო შუბითიძეს, 17 თებერვალს;
  • სტუდია მონიტორის ჟურნალისტს ნინო წვერავას, 17 თებერვალს;
  • ტვ პირველის ფოტოგრაფს და ოპერატორს გიორგი მოსიაშვილს (შეატყობინეს 21 თებერვალს);
  • პუბლიკას ჟურნალისტს ბასტი მგალობლიშვილს, 14 თებერვალს;
  • ტაბულას ჟურნალისტს ბექა ჯიქურაშვილს, 14 თებერვალს;
  • ტაბულას ჟურნალისტს ნიკოლოზ ჭირაქაძეს, 17 იანვარს;
  • მთავარი არხის ჟურნალისტს ნათია გოგსაძეს, 2 თებერვალს;
  • თავარი არხის ჟურნალისტს ალექსანდრე საჯაიას, 4 იანვარს;
  • მედია აპრილის ფოტორეპორტიორს ვახო ქარელს, 26 იანვარს;
  • რადიო თავისუფლების ჟურნალისტს ეკა ქევანიშვილს, 22 იანვარს;
  • ევრონიუსის ჟურნალისტს დავით კეკენაძეს, 3 იანვარს; 
  • რადიო თავისუფლების ჟურნალისტს სალომე ჩადუნელს, 10 ნოემბერს;
  • მეცხრე ტალღის ხელმძღვანელს გერმანე სალიას, 13 დეკემბერს.

ყველა ჟურნალისტმა შეატყობინა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ სადავო დროის მონაკვეთში ისინი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ, რისი დამადასტურებელი მტკიცებულებებიც აქვთ. მათ პრესის მაიდენტიფიცირებელი ბარათები ეკეთათ და ნაწილი დიდი ზომის პროფესიული აპარატურის გამოყენებით მუშაობდა. პოლიციას მათი ჟურნალისტად იდენტიფიცირება თავიდანვე არ უნდა გასჭირვებოდა

კანონის რეპრესიული ნორმების დაუსაბუთებლად გამოყენება ჟურნალისტებს საქმიანობაში ხელს უშლის. პოლიციის ქმედებები მათ და, ზოგ შემთხვევაში, მათი ოჯახის წევრებს, უქმნის ფსიქოლოგიურ წნეხს, აკარგვინებს მათ დროსა და სხვა სახის რესურსს.  

გზის გადაკეტვის გამო დასაჯარიმებელ ჟურნალისტთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება, რაც ტენდენციაზე მიუთითებს. ეს ყოველივე ან მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგია, რომლის ამოცანა ჟურნალისტთა სამუშაო გარემოს კიდევ უფრო დამძიმება და მათი სამოქმედო არეალის კიდევ უფრო შეზღუდვაა, ან, უკეთეს შემთხვევაში, სერიოზულ სისტემურ პრობლემას წარმოადგენს, რომელზეც შსს-ს და სასამართლო სისტემას სასწრაფოდ უნდა ჰქონდეს რეაგირება.  

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შსს-ს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ჟურნალისტების მიმართ გზის ხელოვნურად გადაკეტვასთან დაკავშირებული მიმდინარე ყველა ადმინისტრაციული სამართალწარმოება და მსგავსი საქმეები მომავალშიც არ აღძრას" - წერია ქარტიის განცხადებაში.

შსს ტაბულას ჟურნალისტებს, ბექა ჯიქურაშვილსა და ნიკოლოზ ჭირაქაძეს პარლამენტთან გზის გადაკეტვ ას ედავება. ორივე მათგანი სადავო პერიოდში პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, ეკიდა პრესის ბარათი. 

კომენტარები