რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

NBC: თუ რუსეთი შეთანხმებას დაარღვევს, აშშ უკრაინის NATO-ში ავტომატურად შეყვანას განიხილავს

Tobias Schwarz / AFP via Getty Images

NBC news ოთხ წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ აშშ-ს მთავრობა რუსეთის მიერ სამშვიდობო შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში NATO-ში უკრაინის ავტომატურ გაწევრიანებას განიხილავს.

ოფიციალური პირების თქმით, უსაფრთხოების ეს გარანტია უკავშირდება უკრაინისა და მისი მოკავშირეების ეჭვებს, რომ რუსეთი სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდეგ გაძლიერდება და ახალ შეტევას წამოიწყებს. 

წყაროების მიხედვით, აშშ-ს თავდაცვის მინისტრ პიტ ჰეგსეთს 12 თებერვალს ბრიუსელში სიტყვით გამოსვლამდე სახელმწიფო დეპარტამენტის ზოგიერთმა წარმომადგენელმა ურჩია, საჯაროდ არ ეთქვა, რომ სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში უკრაინა NATO-ს წევრობას ვერ  მიიღებდა. 

NBC news-ის ინფორმაციით, ჰეგსეთმა რჩევა არ გაითვალისწინა და უკრაინის NATO-ში გაწევრიანების პერსპექტივაზე მკაფიო განცხადება გააკეთა. "შეერთებული შტატები არ თვლის, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება ამ მოლაპარაკებების რეალისტური შედეგია". - განაცხადა მან.

სამ ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით  NBC news წერს, რომ ჰეგსეთის მომზადებულ ტექსტში ნათქვამი იყო, რომ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები "ნატოს წევრობით არ უნდა იყოს უზრუნველყოფილი".

ჰეგსეთის თქმით, მისი განცხადებები შეთანხმებული იყო ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან, თუმცა მეორე დღეს მან აღნიშნა, რომ "ყველაფერი მოლაპარაკებების მაგიდაზეა".

კომენტარები