რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

აშშ-მ ევროპული ქვეყნების მთავრობებს უკრაინის უსაფრთხოებაზე კითხვარი გაუგზავნა – Reuters

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
JULIA DEMAREE NIKHINSON / AP

გამოცემა Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-მ ევროპული ქვეყნების მთავრობებს კითხვარი გაუგზავნა იმის შესახებ, თუ რა სჭირდებათ აშშ-სგან, რათა უკრაინა უსაფრთხოების გარანტიებით იყოს უზრუნველყოფილი. 

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის თქმით, ვაშინგტონმა "მკაფიოდ განაცხადა, რომ ევროპელი პარტნიორებისგან მდგრადი უსაფრთხოების ჩარჩოს შექმნასა და ამასთან დაკავშირებით მათი მხრიდან წინადადებების წარდგენას მოველით".

Reuters-ის მიხედვით, აშშ-ს მიერ გაგზავნილი დოკუმენტი შემდეგი კითხვებისგან შედგება:

1) რა მიგაჩნიათ ევროპის მიერ მხარდაჭერილ გარანტიად ან დაზღვევად, რომელიც საკმარისი შემაკავებელი იქნება რუსეთისთვის და ამავდროულად უზრუნველყოფს, რომ ეს კონფლიქტი გრძელვადიანი სამშვიდობო შეთანხმებით დასრულდეს?

2) რომელ ევროპულ და/ან მესამე ქვეყანას შეუძლია ან ისურვებდა, მონაწილეობა მიიღოს მსგავს შეთანხმებაში?

არსებობენ ქვეყნები, რომლებიც, თქვენი აზრით, ამ მხრივ აუცილებლობას წარმოადგენენ? 

იქნებოდა თუ არა თქვენი ქვეყანა მზად, სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში საკუთარი სამხედროები უკრაინაში გაეგზავნა?

3) თუ სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში მესამე ქვეყნის სამხედრო ძალები განლაგდებოდა უკრაინაში, თქვენი აზრით, როგორი უნდა იყოს ევროპული ხელმძღვანელობის მქონე ასეთი ძალის აუცილებელი ზომა?

როგორ და სად განთავსდებოდნენ ეს ძალები და რა ხნით?

4) რა ქმედებებისთვის უნდა იყვნენ მზად აშშ, მოკავშირეები და პარტნიორები, თუ რუსეთი ამ ძალებს თავს დაესხმება?

5) თუ ასეთი რამ არსებობს, აშშ-ს მხრიდან მხარდაჭერაზე რა სახის მოთხოვნებს განიხილავდა თქვენი მთავრობა საჭიროდ, რათა უსაფრთხოების მსგავს შეთანხმებაში მონაწილეობა მიიღოს?

კერძოდ, როგორი ტიპის მოკლე და გრძელვადიანი რესურსები იქნება საჭირო აშშ-ს მხრიდან?

6) უკრაინის რა დამატებითი შესაძლებლობებით, აღჭურვილობითა და მომსახურების შენარჩუნების შესაძლებლობებით უზრუნველსაყოფად არის მზად თქვენი მთავრობა, რათა გაუმჯობესდეს მისი მოლაპარაკებების პოზიცია და გაიზარდოს წნეხი რუსეთზე?

დამატებით რისთვის არის მზად თქვენი მთავრობა, რათა გაიზარდოს სანქციები რუსეთზე, მათ შორის, სანქციების უფრო მკაცრი აღსრულების მხრივ და მესამე ქვეყნების მიზანში ამოღების მხრივ, რომლებიც გლობალურად რუსეთს ხელს უწყობენ?

კომენტარები