ტრამპის ადმინისტრაცია

ბიუროკრატიის შემცირების ძალისხმევის ფარგლებში აშშ-ში ათასობით საჯარო მოხელე გაათავისუფლეს

აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ რამდენიმე სახელმწიფო სააგენტოდან ათასობით თანამშრომლის გათავისუფლება დაიწყო, რაც ნაწილია ტრამპისა და მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ილონ მასკის ძალისხმევისა, დაჩქარდეს ამერიკის ფედერალური ბიუროკრატიის შემცირება. ამის შესახებ გამოცემა Reuters-ს ფედერალურ პროფკავშირებთან დაკავშირებულმა წყაროებმა და თანამშრომლებმა უთხრეს

ვეტერანების საქმეთა დეპარტამენტიდან, რომელიც ვეტერანების ჯანდაცვას უზრუნველყოფს, არსებული ინფორმაციით, გათავისუფლდა 1000 თანამშრომელი, რომლებიც გამოსაცდელ ვადაში მსახურობდნენ, ხოლო აშშ-ს სატყეო სამსახური 3000-ზე მეტი დასაქმებულის გათავისუფლებას გეგმავს. 

სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ელფოსტა ბოლო 2 დღის განმავლობაში საჯარო მოხელეებს გაეგზავნათ, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა ისეთ სახელმწიფო სტრუქტურებში, როგორებიცაა განათლების დეპარტამენტი, მცირე ბიზნესთა ადმინისტრაცია, მომხმარებელთა ფინანსური დაცვის ბიურო და გენერალური სერვისების სამმართველო, გამოსაცდელი ვადით მუშაობდა.  

როგორც Reuters წერს, ტრამპისა და მასკის მიერ ფედერალური მთავრობის გადახედვისა და გადაწყობის ძალისხმევა ფართოვდება, რაზეც მეტყველებს ფაქტი, რომ მასკის თანაშემწეები ცოტა ხნის წინ აშშ-ს გადასახადების ამკრეფი ფედერალურ სააგენტოში, საშინაო შემოსავლების სამსახურში პირველად მივიდნენ. ამასთან, სხვადასხვა ქვეყნებში აშშ-ს საელჩოებს გაეგზავნათ ბრძანება, რომ პერსონალის შემცირებისთვის მოემზადონ. 

ტრამპს ხშირად დაუცავს აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები და უთქვამს, რომ ფედერალური მთავრობა "ზედმეტად გაბერილია" და ფლანგვასა და თაღლითობაში ზედმეტად ბევრი ფული იკარგება. ფედერალურ მთავრობას ამ დროისთვის 36 ტრილიონი დოლარის ვალი აქვს, ხოლო გასული წლის ბიუჯეტის დეფიციტი 1.8 ტრილიონ დოლარს შეადგენდა. ამ მიზეზით, არსებობდა ორპარტიული თანხმობა იმის შესახებ, რომ მთავრობის რეფორმა საჭირო იყო. 

Reuters წერს, მთავრობის მონაცემების მიხედვით, ბოლო 2 წლის განმავლობაში სახელმწიფო სტრუქტურებში 280 000-ზე მეტი საჯარო მოხელე დაასაქმეს, რომლებიც კვლავ გამოსაცდელი ვადით მუშაობენ, რაც მათ გათავისუფლებას კიდევ უფრო მარტივს ხდის. 

კომენტარები