ფედერალურმა მოსამართლემ აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას უბრძანა, აღადგინოს გაყინული საგარეო დახმარება ასობით შესაბამისი კონტრაქტორისთვის, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ადმინისტრაციის მიერ დახმარების 90-დღიანმა გაყინვამ მათზე ნეგატიური გავლენა მოახდინა. ინფორმაციას გამოცემა Reuters სასამართლოს დოკუმენტებზე დაყრდნობით ავრცელებს.
სასამართლომ გადაწყვეტილება საერთაშორისო დახმარების პროექტებზე მომუშავე სხვადასხვა ორგანიზაციებისა და არაკომერციული ჯგუფების მიერ შეტანილი საჩივრის საფუძველზე მიიღო.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, აღდგება საგარეო დახმარების ის კონტრაქტები, რომლებიც ძალაში ტრამპის ინაუგურაციამდე, 20 იანვრამდე უკვე შესული იყო. შესაბამისად, ბრძანება ტრამპის განკარგულების სრულად დაბლოკვას არ ითვალისწინებს.
მოსამართლე ამირ ალის განცხადებით, სასამართლომ პრეზიდენტის აღმასრულებელი ბრძანების სრულად დაბლოკვა "მართებულად ან საჭიროდ" არ მიიჩნია.
მოსამართლის გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ადმინისტრაციას ჯერ კიდევ არ გადაუდგამს სათანადო ნაბიჯები საგარეო დახმარების შეჩერებით ამერიკული ბიზნესებისთვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად, რაც გამოიხატებოდა მთელი რიგი პროგრამების შეჩერებასა და ათასობით თანამშრომლის გათავისუფლებაში.
"დაცვის მხარეს ჯერ კიდევ არ წარუდგენიათ ახსნა-განმარტება, თუ რატომ იყო საგარეო დახმარების ბლანკეტური შეჩერება [...] რაციონალური წინამორბედი პროგრამების გადახედვისა". - დაამატა მოსამართლემ.
აღნიშნული გადაწყვეტილება პირველია, რომელმაც ტრამპის მიერ საგარეო დახმარების გაყინვის ბრძანება ნაწილობრივ დაბლოკა.
ცნობისთვის, 20 იანვარს, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღმასრულებელი ბრძანება გამოსცა, რომელიც 90 დღით ყველა სახის საგარეო განვითარების დახმარების შეჩერებასა და გადახედვას ითვალისწინებდა. ამასთან, ტრამპმა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) სახელმწიფო დეპარტამენტს დაუქვემდებარა და მსოფლიოს მასშტაბით სააგენტოს ათასობით თანამშრომლის გათავისუფლების ბრძანება გასცა.





